ახალი ამბები

კახეთში რქოსანი პირუტყვი იხოცება

უცნობი დაავადება, რომლითაც კახეთში რქოსანი პირუტყვი იხოცება2-დან 4 კვირამდე გრძელდება. აღნიშნული დაავდების გამო, პირუტყვი ეცემა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში კვებაზე უარს ამბობს და წამალი არ შველის. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პრესსამსახურის უფროსი, ვერიკო გულუა აღნიშნავს, ამ ეტაპზე დაავადების ზუსტი დიაგნოზი ცნობილი არ არის: ”ჩვენი სპეციალისტები ადგილზე იმყოფებოდნენ, აიღეს ნიმუშები დაავადებული ცხოველებიდან და ამჟამად ველოდებით ლაბორატორიული კვლების დასკვნას, რათა ზუსტად დადგინდეს, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება”.
სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ქურდოვანიძეს თქმით, ეს დაავადება მოსახლეობისთვის საშიში არ არის. დაავადება არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. მისი გადამტანი მწერები არიან. ”ჩვენ ვატარებთ საჭირო ღონისძიებებს სიღნაღში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ მწერების გავრცელება არ მოხდეს. ასევე ვამუშავებთ საქონელს საჭირო საშუალებებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს ”,- აღნიშნავს გიორგი ქურდოვანიძე. 
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ ეტაპზე დაავადება საქონლის 2-10 %-შია გავრცელებული. დაახლოებით ასეთივე მაჩვენებელია პირუტყვის დაცემის თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც ზუსტი დიაგნოზი დადგინდება, პირუტყვს შესაბამისი ვაქცინაცია ჩაუტარდება. ვაქცინა საქართველოში არ არის, ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საჭირო ვაქცინის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით. 
რაც შეეხება საქონლის ხორცის რეალიზაციას, გიორგი ქურდოვანიძის თქმით, დაავადებული საქონლის ხორცი სარეალიზაციოდ ვერ გავა, რადგან საქონელი აუცილებლად სასაკლაოზე უნდა დაიკლას. ხორცის რეალიზაციის ყველა ობიექტი ვალდებულია არ მიიღოს საქონლის ხორცი ფორმა N 2-ის გარეშე. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ საქონელი დაკლულია სასაკლაოზე, დაკვლისწინა მდგომარეობაში შემოწმებულია ექიმის მიერ და აკმაყოფილებს სარეალიზაციო მოთხოვნებს. მისივე თქმით, არ არის საშიში ავადმყოფი საქონლისგან მიღებული რძე და მისგან დამზადებული რძის პროდუქტები.
დაავადება პირველად დედოფლისწყაროში გამოვლინდა.