ახალი ამბები

კახეთ-დაღესტანის გზა მორიგი რუსული ნაღმი

როკის ახალი გვირაბი – ასე უწოდეს  საქართველოში კახეთ-დაღესტნის მაგისტრალის მშენებლობას. საქართველოში რუსეთთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი გზის მშენებლობას ახალი საფრთხეების შექმნის შესაძლებლობად აფასებენ. ოპოზიცია აღნიშნულ მასშტაბურ სამშენებლო პროექტს „კახეთის ცხინვალიზაციის“ რეალურ საფრთხედ აღიქვამს, მთავრობის წევრების გარკვეული ნაწილი კი საუბრობს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობაზე.

“თუ აქ გზა აშენდება, რუსეთი 40 კილომეტრს სულ ნახევარ საათში გადმოივლის და დაგვიპყრობს”

საქართველო – დაღესტანს შორის არის ბეშტა – ახალსოფლის დამაკავშირებელი გზა, რომლის 2 მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლოდან რუსულმა მხარემ განაახლა. საქართველოდან გადაადგილება ჯერჯერობით ორხიდიანი მანქანით, ცხენით და ფეხით არის შესაძლებელი.  ბეშტა დაღესტნის მხარის ერთ-ერთი რაიონია, ხოლო ახალსოფელი ყვარლის რაიონში მდებარეობს. კახეთ-დაღესტნის გზა, მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეზე გაივლის. საცხენე კახეთ-დაღესტნის საზღვრისპირა მთიანი სოფელია. საცხენეს მკვიდრი მიშა მოლიჩანოვი ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობით შეცბუნებულია და მიიჩნევს, რომ რუსეთს, ცხინვალისა და აფხაზეთის გარდა, საქართველოს სხვა ტერიტორიების ოკუპაციის რეალური შესაძლებლობა მიეცემა.

„2008 წლამდე აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი ასე შეტოპავდა და თუნდაც ახალგორს დაიპყრობდა. ეხლა რუსეთს მთელი საქართველოს დაპყრობა უნდა და მათ შორის ჩვენი მხარის. ეხლა რუსეთს ეს მთები აფერხებს და თუ აქ გზა აშენდება, 40 კილომეტრს სულ ნახევარ საათში გადმოივლის და დაგვიპყრობს“, – აღნიშნავს მიშა მოლიჩანოვი.

საქართველოს ტერიტორიიდან ამ გზის მშენებლობის დაწყების შემთხვაში 19 წლის გიორგი დოინჯაშვილიც ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან კახეთის რეალური ანექსიის საფრთხეს ხედავს. იგი ფიქრობს, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას საფრთხის შემცველი სამშენებლო მასშტაბური პროექტის განხორციელებაზე.

„რატომ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს რუსეთი მოგვადგეს და აქ ჯარი დაგვიყენოს. ეხლა ამ გზით იმიტომ ვერ შემოდის რუსეთი, რომ ფიზიკურად მაგ გზაზე ვერ ივლის ტანკები. თუ აშენდება ეს გზა და ჩვეულებრივი მიმოსვლა იქნება, რუსეთი აქედანაც თავისუფლად შემოგვიტევს“, – ამბობს გიორგი დოინჯაშვილი.

 

კახეთ-ავარეთის მაგისტრალი – ეკონომიკური სტრატეგია თუ საქართველოში ტერორიზმის გავრცელების რეალური შესაძლებლობა

სოფელ საცხენეს 79 წლის მკვიდრი ბორია მოლიჩანოვი კი რუსეთის მხრიდან ახალი საფრთხის შექმნის შესაძლებლობას გაზვიადებულ შეფასებად აღიქვამს. იგი დარწმუნებულია, რომ ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა სერიოზულ ეკონომიკურ სარგებელს ნახავს. საზღვრისპირა სოფლის 79 წლის  მოსახლე იხსენებს იმ დროს, როდესაც კახეთსა და დაღესტანს შორის აქტიური სავაჭრო ურთიერთობა იყო.

„ადრე აქედან მივდიოდით ცხენებით. იქ ბენზინს ვყიდულობდთ, რადგან 10-ჯერ უფრო იაფი ღირდა. ცხენებს ავკიდებდით და ბენზინი  მოგვქონდა აქ. ლეკებიც მოდიოდნენ ჩვენთან. ლეკებს მატყლი, ბიკონი, კიდევ უამრავი რამ ჩამოჰქონდათ. 1 ლიტრა არაყზე, 1 კგ ყველს გაძლევდნენ. ჩვენგან ყიდულობდნენ ხორბალს, ქერს, სიმინდს. გეტყვით, რომ ჩემს მეზობელს 600 ლიტრა არაყი აქვს სახლში. ეს გზა მოქმედი რომ იყოს, ხომ გაყიდიდა ან გადაცვლიდა რომელიმე პროდუქტში“, – ამბობს ბორია მოლიჩანოვი.

 ექსპერტები, საქართველოს ყოფილი ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ქართული მხარის მიერ აღნიშნული სამშენებლო პროექტის განხორციელების შემთხვევაში რუსი ოკუპანტები კახეთიდანაც საქართველოში მარტივად შეძლებენ შემოსვლას.

ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობას ეხმაურება კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა. იგი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან პარალელს ავლებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობის შემთხვევაში კახეთს „ცხინვალიზაციის“ რეალური საფრთხე დაემუქრება.   

ბუნებრივია ეს სამხედრო გზა, საქართველოს თავზე ყოველთვის „დამოკლეს მახვილივით” იქნება დაკიდებული, რომ რუსეთს როცა მოესურვება ამ მხრიდანაც ადვილად შემოაღწიოს ჩვენს ქვეყანაში. ეს გზა კეთდება სწორედ იმიტომ, რომ იქ ტანკებმა გაიარონ და ის რეგიონი რუსეთზე სრულიად დამოკიდებული გახადონ“, – განმარტავს ნიკოლოზ რურუა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას აზრით, ქვეყნისთვის კახეთ-ავარეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა სერიოზულ საშიშროებას შეიცვას, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს შენდება. ქართველი   დიპლომატი აქვე აღნიშნავს, რომ ამ პროექტის განხორციელების შესახებ რუსულ და ქართულ მხარეებს შორის მოლაპარაკება ჯერ არ გამართულა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე კი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე რუსეთს 2 მილიარდი ღირებულების სამშენებლო პროექტის განხორციელება დაეწყო. ლაგაზიძე, რუსეთისგან მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის გარდა, საუბრობს კიდევ უფრო სერიოზულ საშიშროებაზეც. ექსპერტი განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობის შემთხვევაში ქვეყანას დაემუქრება ჩრდილოეთ კავკასიიდან ტერორიზმის გავრცელების რეალური საშიშროება.

„თუ გავითვალისწინებთ რა რეგიონში ხდება ამ გზის გაჭრა, შეიძლება ვისაუბროთ ახალი ტიპის საფრთხეებზე, როგორიც არის ტერორიზმი. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კავკასია იქცა ტერორისტების და ისლამური სახელმწიფო სირიის ერთგვარ ინკუბატორად. ისლამური სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიიდან და ნაწილი კი პანკისის ხეობიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც არის. უკრაინის კრიზისის მიუხედავად რუსეთმა და ამერიკამ მოლაპარაკებებიც დაიწყო, რათა ერთობლივი ხედვა დასახონ ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ რუსეთი მარტო ვერ უმკლავდება მის ტერიტორიაზე ისლამური ტერორიზმის გაძლიერებას, წარმოიდგინეთ რა სერიოზული საფრთხის შემცველია ეს გზა, რომელიც ამ რთულ რეგიონზე გაივლის. არ დაგავიწყდეთ ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების სამწვრთნელო ბაზაა განთავსებული“, – აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ტერორისტების შემოსვლის შემთხვევაში კახეთ-ავარეთის მაგისტრალის მეშვეობით რუსეთს ქვეყანაში ჯარების შემოყვანის ახალი საბაბი გაუჩნდება. იგი განმარტავს, რომ რუსეთის სახელმწიფო დოქტრინა მთავრობას აძლევს ტერორისტების წინააღმდეგ, მეზობელი სახელმწიფოების   ტერიტორიაზე, საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას.

ცისკარიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში რუსეთმა სომხეთის დასახმარებლად კახეთ-დაღესტნის გზა გამოიყენოს. რუსეთს სომხეთთან კოლექტიური თავდაცვის შესახებ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

კავკასიური სახლის წარმომადგენელი ტატო ხუნდაძე კი ამ გზის მშენებლობით გამოწვეულ სამხედრო საფრთხეს სკეპტიკურად უყურებს. იგი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კახეთ-დაღესტნის მაგისტრალის მშენებლობით საქართველოს კახეთიდანაც დაემუქრება რუსული აგრესიის საშიშროება. „რუსეთს აფხაზეთში და თბილისიდან 40 კილომეტრში გააჩნია სერიოზული სამხედრო ინფრსატრუქტურა. ამ გზის გარეშეც რუსეთი  ნებისმიერ დროს განახორციელებს სამხედრო აგრესიას. თუ ეს გზა გაიხსნება, ვფქირობ, რომ დამატებითი საფრთხე ნამდვილად არ გაჩნდება “, – აცხადებს ტატო ხუნდაძე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი საუბრობს ეკონომიკური თვალსაზრისით კახეთ-დაღესტნის გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე.  კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ ამ მაგისტრალის მშენებლობა საქართველოსთვის იქნება ეკონომიკურად მომგებიანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც  რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს გააღრმავებს.

„როცა ლარსზე სტიქიით გამოწვეული პრობლემა გვაქვს, ურიგო არ იქნებოდა, რომ გვქონდეს ალტერანტივა, რათა საქონელმა იმოძრაოს რუსეთსა და საქართველოს შორის. პოლიტიკურ ჭრილში, რა თქმა უნდა, ის პრობლემები არავის არ მოუხსნია, ისევ არის და გადაწყვეტას საჭიროებს. თუ არ არის უსაფრთხოების კუთხით სხვა რაიმე განსაკუთრებული, მე ვფქირობ, რაც მეტი გზა იქნება მით უკეთესი“, – აღნიშნავს კვირიკაშვილი.

ეკონომიკის მინისტრის მსგავსად საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობის დადებით მხარეზე ამახვილებს ყურადღებას. დოლიძის შეფასებით, რუსეთთან დამაკავშირებელი კიდევ ეღთი გზა რეგიონულ სავაჭრო-ეკონომიკურ ბრუნვას  შეუწყობს ხელს.

“რუსეთი ჩვენ არ გვეკითხება, ჩრდილო კავკასიაში რას ააშენებს, ეს მათი ხელისუფლების საქმეა. ზოგადად კი, ირანი იქნება, დასავლეთ ევროპა თუ რუსეთი მსგავსი კომუნიკაცია ქვეყნების ურთიერთობებს ხელს უწყობს. თუმცა, აღნიშნული საკითხი ჯერჯერობით  გაურკვეველია“, – განმარტავს ვიქტორ დოლიძე.

 

კახეთ-დაღესტნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ისტორია და დეტალები

კახეთ–დაღესტანის დამაკავშირებლი გზის მშენებლობას სერიოზული პროტესტი მოჰყვა თავად ჩრდილო კავკასიელების მხრიდან. მიმდინარე წლის 27 სექტემებერს შეიარაღებული პირები მშენებელთა ბაზას თავს დაესხნენ და მათგან კატეგორიულად მოითხოვეს რუსული საგანგებო დანიშნულების სამხედრო გზის მშენებლობის შეჩერება. კახეთ-დაღესტანს შორის დამაკავშირებელი გზა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან არსებობს. 1990-იან წლებში კერძო მეწარმემ, ინჟინერმა მაჰომედ კებედოვმა აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობა ითავა. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ კოოპერატივ „მშენებლის” მეშვეობით, საკუთარი ფინანსური დანაზოგით და ბანკში აღებული კრედიტით 55-კილომეტრიანი მშენებლობა დაიწყო და დაასრულა კიდეც. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მთიან დაღესტანსა და კახეთს  შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდა. სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო ნაკადის გასაკონტროლებლად საჭირო გახდა საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნა. 1997 წლის 22 თებერვალს რუსეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ჩერნომირდინმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. ამ მიზნით დაღესტნის მთავრობამ 500 მილიონი რუბლი გამოყო, მაგრამ გზაზე მომხდარი ერთ-ერთი ავტოავარიის შემდეგ ამ სატრანსპორტო ავტომაგისტრალმა, რუსი მესაზღვრეების გადაწყვეტილებით, ფუქნციონირება შეწყვიტა. მოუვლელობით გზის დიდი ნაწილი ისევ უვარგისი გახდა. არავინ იცის გამოყოფილი ფული  სად გაქრა, ბიზნესმენმა მაჰომედ კებედოვმა კი ვალების გასტუმრება მხოლოდ წლების შემდეგ მოახერხა.

მიმდინარე წლის აგვისტოდან დაღესტანში ავარეთ-კახეთის 83 კილომეტრიანი გზის მშენებლობა განახლდა. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია.