ახალი ამბები

“მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის” მთავრობამ 20 მლნ ლარი გამოყო

პროგრამის ფარგლებში თითოეული ბენეფიციარი 5000 ლარით დაფინანსდება.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის, გიორგი ციკოლიას განცხადებით, პროგრამა 26 თვის განმავლობაში განხორციელდება და გათვლილია რეგიონის მოსახლეობაზე. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებას რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის (3 315 300 ადამიანი) პროპორციულად.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც უკვე არსებულ, ისე დამწყებ მეწარმეებს და არანაკლებ სამი მეწარმე სუბიექტისგან შექმნილ ამხანაგობებს. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ერთ მეწარმეზე 5000 ლარია, მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში კი 15 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარება ტრენინგების, სტაჟირებების და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით.
გიორგი ციკოლიას განმარტებით, პროგრამის მიზანია ქვეყანაში მიკრო და მცირე ბიზნესის და რეგიონული ბაზრების განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში მიკრობიზნესის წამოწყების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.