ახალი ამბები

“ქართუმ” აგროდაზღვევაზე უარი თქვა

სადაზღვევო კომპანია „ქართუმ“აგროდაზღვევის პროექტის ამოქმედებიდან 1 თვეში პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. დაახლოებით 3 კვირის წინ კომპანიამ აგროდაზღვევის პოლისების გაყიდვები შეაჩერა.
სადაზღვევო კომპანიაში პროექტიდან გასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ.
პროექტიდან გასვლის შესახებ ოფიციალური კომენტარი გავრცელდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის აპირებს კომპანიის ხელმძღვანელობა პროექტიდან გასვლის შესახებ განცხადების გავრცელებას.
სადაზღვევო კომპანიის პროექტიდან გასვლის შესახებ ცნობილია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვისაც. უწყებაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება ოფიციალურად ჯერ არ შეწყვეტილა. commersant.ge-ს ინფორმაციით, „ქართუს“ მიერ პროექტის დატოვების მიზეზების შესახებ არც პროექტების მართვის სააგენტოში საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, აგროდაზღვევაში ჩართვაც და მისი დატოვებაც თითოეული კომპანიის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და მათ ამის სრული უფლება აქვთ.
1 სექტემბრიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყანაში ამოქმედდა ერთწლიანი აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი, რომლის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია და რომელიც ანაზღაურებს სეტყვისგან, ჭარბი ნალექისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან მიყენებულ ზარალს.