ახალი ამბები

სიმინდის მოსავლის პროგნოზირება შესაძლებელი იქნება

სიმინდის მოსავლის პროგნოზირების მეთოდოლოგიაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.
სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ეკა ზვიადაძე აცხადებს, რომ ახალი მეთოდოლოგია უწყებას პოლიტიკის დაგეგმვის კუთხით ძალიან დაეხმარება, რადგანაც სამინისტრო წინასწარ განსაზღვრავს იმ რისკებს, რომელიც შესაძლოა მოსავალს ემუქრებოდეს.

ზვიადაძეს წლევანდელი წლის არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ თუ სამინისტროს ეცოდინება, რომ მაგალითად სიმინდის მოსავალს, შესაძლოა, რაიმე პრობლემები ჰქონდეს, წინასწარ მიიღებს ზომებს და სუბსიდიის თანხასაც გაითვალისწინებს, ან პრობლემას სხვაგვარად გადაწყვეტს.

„ეს პროექტი ითვალისწინებს ნათესზე პერმანენტულ დაკვირვებას. შესაძლებელია გარკვეული დაავადება გავრცელდეს და ეს მეთოდოლოგია სწრაფ რეაგირებაში დაგვეხმარება, რომ მოულოდნელად ფაქტის წინაშე არ დავდგეთ. პროექტი პოლიტიკის დაგეგმვას გააუმჯობესებს“,- აცხადებს ზვიადაძე და აღნიშნავს, რომ გაზაფხულიდან მოსავლის აღებამდე სპეციალისტები ნათესებს დააკვირდებიან.

საპილოტე პროგრამა უკვე მიმდინარეობს, ნათესების ზრდასა და მოსავლიანობას აბაშისა და ლაგოდეხის რაონებში აკვირდებიან. სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე მოხდება მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც კონკრეტულად საქართველოსთვის იქნება განკუთვნილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მოსავლის პროგნოზირების მეთოდოლოგია ამერიკაში აპრობირებულია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნებს შორის წარმოების ტექნოლოგიები განსხვავებულია, არსებულ მეთოდოლოგიაში ცვლილებების შეტანაა საჭირო. ახალი პროექტი მომავალი წლისთვის მზად იქნება, თუმცა, მისი დანერგვა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, რომლის შესახებაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ინფორმაციას არ ფლობენ.