პრემიერი მუსიკალური ფესტივალის დახურვას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტს დაესწრო. საღამოზე შესრულდა რიჰარდ შტრაუსის, რობერტ შუმანის, ედვარდ გრიგის ნაწარმოებები. ელისო ვირსალაძემ ირაკლი ღარიბაშვილს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
ფესტივალს ტრადიციულად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს, ხოლო მისი სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე. წელს დაარსებიდან – 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი შეუსრულდა ფესტივალს.
11-18 ოქტომბერს, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებმა მოიყარეს თავი. ფესტივალის ფარგლებში თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი გაიმართა, მათგან – სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშიც არიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს ხელმძღვანელობს ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული საგუნდო მუსიკა, აგრეთვე კამერული მუსიკის ის იშვიათი ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდა. ფესტივალის კონცერტების პარალელურად, თელავის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა მასტერკლასები სხვადასხვა სპეციალობაში.
2014 წლის ფესტივალი გამოირჩევა სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით – ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.
12 ოქტომბერს, ფესტივალის ორ, ყველაზე ერთგულ და დიდი ხნის მეგობარს, ნატალია გუტმანსა და ედუარდ ბრუნერს, ქ.თელავის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ.
გამოჩენილი ქართველი პიანისტის – ელისო ვირსალაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებულ ფესტივალს სახელწოდებით, “ქება ვაზისა”, ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მონაწილეთა შემადგენლობით, მასშტაბურობით და ფორმატით ანალოგი არ ჰყავდა. 2010 წელს, 20 წლიანი პაუზის შემდეგ ტრადიცია აღდგა – თელავს ლეგენდარული ფესტივალი კვლავ დაუბრუნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.