თელავში დღეს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება
როგორც თელავის მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე. ფესტივალს წელს დაარსებიდან 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი შეუსრულდა.
,,ფესტივალის ფარგლებში თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი გაიმართა, მათგან – სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშიც არიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი ხელმძღვანელობს. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული საგუნდო მუსიკა, აგრეთვე კამერული მუსიკის ის იშვიათი ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდა. ფესტივალის კონცერტების პარალელურად, თელავის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა მასტერკლასები სხვადასხვა სპეციალობაში, ”-განუცხადა knews.ge-ს თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა.
მისივე თქმით, 2014 წლის ფესტივალი გამოირჩევა სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით – ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.