ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას 10 ჯეირანი შეემატა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ინფორმაციით, პროექტი საქართველოში, გასულ საუკუნეში გადაშენებული სახეობის – ჯეირანის პოპულაციას ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მის აღდგენასა და კონსერვაციას ისახავს მიზნად.
ღონისძიება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით ხორციელდება.
„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ჯეირანებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სატელიტის მეშვეობით, მიმდინარეობს დაკვირვება, ასევე პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიცია და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ეს რეინტროდუქციის მესამე მცდელობაა. პირველად ვაშლოვანში ჯეირანების ბუნებაში გაშვება 2013 წლის მარტში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ საუკუნეების მანძილზე ჯეირანების საცხოვრებელი არეალი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავდა. სამწუხაროდ, ადამიანის არაკეთილგონივრული მიდგომის გამო, მათ შორის, ბრაკონიერობის ფაქტების გახშირების შედეგად, გასული საუკუნის 40-იან წლებში ეს სახეობა სრულად განადგურდა“,-ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.