ფერმერებს საქონლის ჯიშთა განახლებაში მთავრობა არ დაეხმარება
ბრუცელოზის დადასტურების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა საკვებად ვარგისი ცხოველის დაკვლას, ან საკვებად გამოუსადეგარი პირუტყვის ლიკვიდაციას ითხოვს. ექსპერტთა აზრით, ხელისუფლებამ განადგურებული პირუტყვის სანაცვლოდ გლეხებს კომპენსაცია უნდა შესთავაზოს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო დაზარალებული გლეხებისთვის ამ ეტაპზე არც კომპენსაციის გადახდას აპირებს და არც ჯიშთა განახლებაში დახმარებას.
ოფიციალური ინფორმაციით, თბილისსა და კახეთში, რეგიონში, რომელიც ამ დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალ რისკის ზონას წარმოადგენს, პირველ ეტაპზე 170 ათასზე მეტი საქონლის სისხლის სინჯებს აიღებენ. საქართველოს დანარჩენ რაიონებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მასობრივი გამოკვლევა არ იგეგმება. შინაური ცხოველების გადამოწმება დავაადების გავრცელების ნაკლებად საშიშ ზონაში შერჩევით მოხდება.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, დაავადებული საქონლის განადგურების სანაცვლოდ სახელმწიფომ გლეხებს გონივრული კომპენსაცია უნდა შესთავაზოს
დარგის ექსპერტების განცხადებით, ქვეყანაში ცხოველთა საერთო რაოდენობის 10% -ანი დაავადება ავადობის მაღალ მაჩვენებლად ითვლება. საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლში ბუცელოზის კვლევის წინასწარი შედეგები ჯერჯერობით უცნობია.