„რუისპირის ასფალტის ქარხნები – ნელი მოქმედების ნაღმი
30-ზე მეტი მოსახლე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკითხით დაინტერესებასა და დახმარებას სთხოვს. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრება.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა შველას ითხოვს. რუისპირელები განმარტავენ, რომ მათი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ასფალტის სამი ქარხნისა და ქვის სამტვრევი საამქროს მუშაობის შედეგად გამოყოფილი მტვერი და გამონაბოლქვი მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე თურდოს ხეობაში, კომპანია “სერპანტინის” ასფალტის ორი ქარხანა, ქვის სამტვრევი საამქრო და შპს „გაზმშენი 2005-ის“ ასფალტის კიდევ ერთი ქარხანა ფუნქციონირებს. რუისპირის მოსახლეობა აცხადებს, რომ ქარხნების მუშაობის შედეგად წლის ოთხივე სეზონზე რამდენიმე უბანს გაუსაძლის პირობებში, სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში უწევს ცხოვრება. ისინი განმარტავენ, რომ რუისპირის მნიშვნელოვანი ნაწილი გამონაბოლქვსა და მტვერშია გახვეული. სოფლის მოსახლეობა ყოველდღიურად ჯანმრთელობის გაუარესებაზეც საუბრობს. რუისპირელები ასთმის, სიმსივნური და ალერგიული დაავადების გავრცელებასაც უჩივიან.
„მე და ჩემი შვილიშვილები ღამე ვეღარ ვსუნთქავთ. სასუნთქ ორგანოებზე პრობლემები გაგვიჩნდა. ვფიქრობ, რომ ფანჯრები გავაღო, მაგრამ უფრო შემოდის სუნი და უარესი მდგომარეობაა. მანდვე ქვის სამტვრევი საამქროც მუშაობს. როდესაც მტვერი წამოვა, იმის იმედზე ვართ, ნიავი როდის დაუბერავს და სხვა ადგილას გადაიტანს მტვერს. არ ვიცით, ამ გაუსაძლის პირობებს როდემდე გავუძლებთ. რუისპირის ასფალტის ქარხნები დაავადებების გავრცელების წყაროა”, – აღნიშნავს სოფელ რუისპირის მცხოვრები დოდო მეგრელიშვილი.
რუისპირელ ფერმერებსა და გლეხებსაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქარხნები. გლეხები განმარტავენ, რომ გამონაბოლქვი და მტვერი ხეხილის ბაღებსა და ვენახებს ზიანს იაყენებს, მოყვანილი მოსავლის რაოდენობა ძალიან მცირეა, ამავე დროს უსარგებლო და სიცოცხლისათვის საშიშია. ამის გამო რუისპირელი 10-მდე ფერმერი იძულებული გახდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაეყიდა.
„ხილი ვერ გვიჭამია. როდესაც ყურძენს თუ სხვა ხილს ვჭამთ, ენაზე ნალექი გვიჩნდება. როდესაც ჩემი ძმა ნათესებში მუშაობს, იქ ისეთი კორიანტელი დგება, რომ მუშაობა ძალიან უძნელდება. წელს ჩემს ძმას სიმინდის მოსავლის აღებაში დავეხმარე და გავეხვიე კიდეც საშინელ კორიანტელში. მტვერი მცენარეებზე ზედ არის დადებული. წლებია, რაც მაინცდამაინც ჩვენი სოფელი ძალიან ცოტა მოსავალს იღებს. ხომ ვინმემ უნდა იფიქროს, რომ ამის მიზეზია ამ ქარხნებიდან წამოსული მტვერი და გამონაბოლქვი. რა მოსავალიც მოგვყვავს, ბავშვებს მაინც არ ვაჭმევთ. გვეშინია ამ მოსავალმა რაიმე არ ავნოს. იძულებულები ვხდებით, ბავშვებისათვის პროდუქტი ბაზარში შევიძინოთ“, – ამბობს ნანული ზედელაშვილი.
„ასფალტის ქარხნიდან წამოსული ეს კვამლი გადადის ნათესებზე. გეკითხებით, რა აზრი ჰქონდა, რომ გვქონოდა მიწის ნაკვეთი? ამიტომ იძულებული გავხდით, გაგვეყიდა”, – აღნიშნავს მარიამ დათულიშვილი.
შპს „სერპანტინის“ დირექტორი ნუგზარ ხუცაიძე კი განმარტავს, რომ მის კომპანიაში შემავალი ასფალტის ორივე საწარმო გარემოს დაცვის სამინისტროსგან დაწესებულ ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას აკმაყოფილებს. იგი მოსახლეობის პროტესტს რამდენიმე იქაურის ქარხნიდან განთავისუფლებას უკავშირებს.
შპს „გაზმშენი 2005-ის“ დირექტორი ტარიელ ლაჩაშვილი კი აცახდებს, რომ ასფალტის საწარმოს მუშაობის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვი და მტვერი ნეგატიურ ზეგავლენას არ ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მით უმეტეს სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. ლაჩაშვილი ადგილობრივების აღშფოთებასა და პროტესტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. შპს „გაზმშენი 2005 -ის“ დირექტორი მოსახლეობას ტენდენციურობაშიც ადანაშაულებს.
„როდესაც მასალა შრება, ორთქლი ადის გაზის ნამწვავთან ერთად. ეს ჩვეულებრვი მოვლენაა. ასფალტის ქარხანაში 2-3 კვირაში ერთხელ იწმენდება ფილტრები. ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ქარხნის მუშაობას, არ სიამოვნებთ ჩვენი საწარმოს ფუნქციონირება და ყველაფერს აზვიადებენ“, – განმარტავს ტარიელ ლაჩაშვილი.
საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ არეგულირებს ატმოსფერულ ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ,,დედამიწის მეგობრების” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის ქარხნებს დადგენილი უნდა ჰქონდეთ ჰაერში მავნე ნივთიერებების გავრცელების დასაშვები ნორმა. ასფალტების ქარხნებსა და ქვის სამტვრევ საამქროში ჩხობაძე ჰაერის ფილტრაციის სისტემის განუწყვეტელი მუშაობის აუცილებლობაზეც საუბრობს. იგი განმარტავს, რომ ამ სტანდარტის დაცვის შემთხვევაში ქარხნების მუშაობის შედეგად აღარ გამოიყოფა გამონაბოლქვი და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ შეექმნება.
„ასფალტის გამონაბოლქვი ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და გარემოს აბინძურებს. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ მოითხოვოს, აქვთ თუ არა ქარხნებს რეგლამენტი ჰაერის გაფრქვევასთან დაკავშირებით. მათ აქვთ ფილტრები, მაგრამ, ბუნებრივია, რომ მათ მუშაობას სჭირდება დიდი რაოდენობის ელექტროენერგია. არავის არ სჭირდება დამატებითი ხარჯის გაწევა ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. თუ ქარხნებში მაღალი ხარისხის ფილტრები მუშაობს, მაშინ მტვერი ჰაერში არავითარ შემთხვევაში არ გადის“, – აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობას საკითხის შესწავლის მიზნით უწყებისათვის არ მიუმართავს და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა. უწყებაში განმარტავენ, რომ ასფალტის საწარმოს აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ქარხანა კი ვალდებულია, შეასრულოს გარემოზე ზემოქმედების მიმართ გათვალისწინებული ყველა პირობა. გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ეს საკითხი შესასწავლად გადაეცემა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურს, რომელიც გაატარებს შესაბამის ღონისძიებას.