როგორი იქნება ქალაქ თელავის განვითარების გენერალური გეგმა
თელავის მერია ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობს. ამჟამად, სამუშაო ჯგუფი ექსპერტებთან და კომპეტენტურ პირებთან ერთად იმ მნიშვნელოვან საკითხებს იკვლევს, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმის შედგენას უძღვის წინ.
თელავის მერის – პლატონ კალმახელიძის თქმით, გეგმის გაწერა დიდ დროს მოითხოვს:
,,გავიარეთ კონსულტაციები კომპეტენტურ პირებთან, იმ საკითხებზე, თუ საიდან უნდა დაიწყოს ქალაქის განვითარების გეგმაზე მუშაობა და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. ამ კუთხით გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ის ტექნიკა კი, რომელიც გეგმის ძირეულად დამუშავებაში დაგვჭირდება, მოვითხოვეთ დამეგობრებული ქალაქიდან, ბიბერახიდან, რითაც ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა დაიზოგება.’’
ქალაქის ვიცე-მერ თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის დამუშავება და დაწერა ერთი მხრივ, მოითხოვს მეტ ადამიანურ რესურსს, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანას და აღნიშნულ პროცესში ჩართვას.
-,,სამუშაო ჯგუფი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ აუცილებელია ქალაქის აღწერა. გაგზავნილი გვაქვს წერილი დამეგობრებულ ქალაქ ბიბერახთანაც, სადაც ასახულია ის მიმართულებები და კონცეფცია, რასაც ჩვენ ვფიქრობთ ქალაქის განვითარებისთვის, ასევე ვთხოვეთ, რომ გადმოგვცენ შესაბამისი აღჭურვილობა, რომელიც დაგვეხმარება აღნიშნულ პროცესში, კერძოდ, აღწერის, ელექტრონული ბაზის შესაქმნელად და სხვა.’’
თელაველების თქმით, ქალაქის განვითარების გეგმის შემუშავებაში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და რიგითი თელაველები უნდა იყვნენ ჩართული.
თელაველ მაია წიგნაძის თქმით, ქალაქის დაგეგმვა საკმაოდ რთული ტექნიკური და პოლიტიკური პროცესია. მისი აზრით, იდეალური მოდელები არ არსებობს და საუკეთესო გადაწყვეტილება ქალაქის ინდივუალურობის შენარუნებაა.
-,,ურბანული განვითარება ხშირად სპონტანური და ქაოტურია, თუმცა გამიზნულად დაგეგმილი ქალაქებისა და დასახლებების მაგალითები ანტიკურ ხანამდეც არსებობდა, სადაც სახლები დაცული იყო ხმაურის, სუნისა და ქურდებისგან, ჰქონდა საკუთარი ჭები და სანიტარული კვანძები. ამგვარ ქალაქებს ჰქონდა კანალიზაცია, დრენაჟი, ვრცელი სასაწყობო მეურნეობა, წყლის რეზერვუარები და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა. ჩემი აზრით, ქალაქის დაგეგმარებისას ყურადღება გამახვილდება ქალაქის ინდივიდუალურობაზე, გეოგრაფიულ და ფიზიკურ მახასიათებლებზე, ქალაქის ყოფასა და ძირითად საქმიანობებზე, ასევე ბუნებრივი, ხელოვნებისა და ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემაზე, ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის სხვა საშუალებების ორგანულ შერწყმაზე. რაც შეეხება დაგეგმარებაში მონაწილეობას, სასურველია, რომელიმე დამეგობრებული ქალაქის მაგალითის აღება, თუნდაც მათი რეკომენდაციების გათვალისწინება (ბიბერახი, საფლე) და სპეციალური საბჭოს შექმნა, სადაც შევლენ პროფესიონალები, შეიქმნება გეგმა, შემდეგ საზოგადოებას გააცნობენ და რეკომენდაციების მიიღებენ.’’
თელავის მკვიდრ სოსო მიქელაძის თქმით კი, აუცილებელია ქალაქის განვითარების გეგმაში თელავის ეკონომიკური პოტენციალი გამოიკვეთოს მიგრაციის შენელებითა და ეფექტური ლიბერალურ-ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებით.
-,,გეგმის შემუშავების პროცესში, უნდა ჩაერთოს ყველა აქტიური მოთამაშე, მით უმეტეს პატარა ქალაქებთან მუშაობის გამოცდილების მქონე უცხოელი ექსპერტები და არა ის პირები, ვისზეც მხოლოდ ფულია გასაწერი. მანამდე კი, კარგი იქნება ქალაქის პრობლემების იდენტიფიკაციის პროცესის დაწყება.’’
გარემოს დაცვის ექსპერტის ჶ თელაველ კახა სუხიტაშვილის თქმით, თელავის განვითარების გეგმაში დაწვრილებით უნდა აღიწეროს ინფრასტრუქტურული განვითარების, გარემოს დაცვის კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების, ტურიზმისა და სხვა პრობლემების შესახებ.
-,,ამ პროცესში ყველა დაინტერესებულმა მხარემ, თვითმმართველობამ, სამინისტროებმა, სამოქალაქო სექტორმა და სპეციალისტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.’’