თუშეთში მატყლის წარმოების განვითარების პროექტი იწყება
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფიანასებით, თუშური მატყლის წარმოების განვითარების პროექტი იწყება. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცხვრის მექანიზებული პარსვის დანერგვა, მატყლის საწნეხებისა და მატყლის სარეცხი საწარმოების მოწყობა:
,,პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 24 ელექტროსაპარსს შეძენა თავის გენერატორებით, რომელიც განაწილდება თუშეთის 4 ხეობაში. პროექტი მომავალი წლიდან ამოქმედდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ფერმერები პარსვის პროცესში დასაწყისიდან ბოლომდე უნდა იყვნენ ჩართულები”.
გონაშვილისვე განმარტებით, მეცხვარეს ინტერესი პროდუქტის რეალიზაციიდან გამომდინარე უნდა ჰქონდეს:
”მან უნდა დაინახოს განსხვავება ფასში, თუ ის კარგად გაპარსავს ცხვარს”,-აღნიშნავს ბექა გონაშვილი. გონაშვილისვე განცხადებით, ქართული ცხვრის ჯიში მრავალფეროვანია და, შესაბამისად, მატყლიც განსხვავებულია, რაც ერთ ფარაში ერთგვაროვანი მატყლის მიღებას გამორიცხავს. მისივე თქმით, კლიენტების მოზიდვის დროს ეს კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია.