ახალი ამბები

კახეთში მსხვილფეხა საქონლის დაუდგენელი დაავადება გავრცელდა

კერძო ვეტექიმები ლაბორატორიული კვლევის გარეშე დიაგნოზს ვერ ადგენენ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს კი ინფორმაცია არ აქვს
სიღნაღის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის რაიონში მსხვილფეხა საქონელი მასობრივად დაავადდა. არის შემთხვევები, როცა დაავადების გამო საქონელი იღუპება. აქვს. 
მოსახლეობის აზრით, მსხვილფეხა საქონელში გავრცელებული დაავადება, შესაძლოა კვანძოვანი დერმატიტი იყოს. 
“აგროგანვითარების ჯგუფში” აცხადებენ, რომ კახეთში შესაძლოა, ერთდროულად საქონლის რამდენიმე დაავადება იყოს გავრცელებული. კერძო ვეტექიმებს ლაბორატორიული კვლევის გარეშე ზუსტი დიაგნოზის დადგენა უჭირთ. ლაბორატორიული კვლევის ჩატარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია, სააგენტოს კი კახეთში საქონლის მასობრივი დაავადების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. 
“ძროხა ნახირში გვყავდა მიბარებული. მენახირემ ნახირი მინდვრიდან ამოიყვანა და საქონელი პატრონებს ჩააბარა: რაღაც დაავადება გავრცელდა. მსგავსი აქამდე არაფერი გვინახია. არ ვიცით, რა დაავადებაა და საქონელს როგორ ვუშველოთ,”- ამბობს სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში მცხოვრები ოთარ ვარდიაშვილი.
კახეთში გავრცელებული გაურკვეველი დაავადების შესახებ ინფორმაცია აქვს „აგრო განვითარების ჯგუფის” მთავარ ვეტერინარს მიხეილ ჭიჭაყუასაც, თუმცა დაავადების ზუსტი განსაზღვრა მასაც უჭირს: “გლეხებმა და ფერმერებმა რეკომენდაციისთვის მოგვმართეს დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონიდან. ასეთივე სიმპტომებით დაავადება დაფიქსირდა გარდაბანშიც. მსგავსი, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა გასულ წელსაც იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. სისხლის ანალიზის და ლაბორატორიული დასკვნის გარეშე დაავადების ზუსტი განსაზღვრა არ შემიძლია. განვიხილავთ რამდენიმე სავარაუდო ვარიანტს, რომლებსაც ამჟამად ვერ დავასახელებ. შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე დაავადებაც იყოს გავრცელებული. წელს გვალვის გამო საქონელი ცუდად გამოიკვება და დასუსტებულია. არის საქონლის სიკვდილიანობის ცალკეული შემთხვევები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დაავადება კონტროლს ექვემდებარება და თუ საქონელი ძალიან დასუსტებული არ არის, მკურნალობის შემთხვევაში მისი გადარჩენა შეიძლება. ფაქტია, რომ დაავადება ფართოდ ვრცელდება და სიტუაციას მუდმივი კონტროლი და ყურადღების მიქცევა სჭირდება”.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ ლაბორატორორიული დასკვნის საფუძველზე ზუსტი დაავადების განსაზღვრა, მაგრამ მსხვილფეხა საქონელში გავრცელებული დაავადების შესახებ არც სააგენტოს ხელმძღვანელობას და არც რაიონების მთავარ ვეტექიმებს ინფორმაცია არ აქვთ. 
წყარო: www.eugeorgia.info