ახალი ამბები

მთავრობა საპენსიო რეფორმის 3 მოდელზე მუშაობს

დღეისთვის საქართველოში სოლიდარულ პრინციპზე დაფუძნებული საპენსიო სქემა მოქმედებს, ანუ საპენსიო ასაკს მიღწეული მოსახლეობა იღებს პენსიას ბიუჯეტში მობილიზებული გადასახადებიდან.

დაგროვებითი საპენსიო სქემა კი არსებული მოდელისგან პრინციპულად განსხვავებულია. ამ შემთხვევაში საპენსიო ასაკის მქონე პირი თანხის დაგროვებას საპენსიო ფონდში ახალგაზრდობიდანვე იწყებს – ეს ნიშნავს, რომ რაც მეტ თანხას დაზოგავს ადამიანი, მით მეტი სარგებელი და შესაბამისად, უფრო უზრუნველყოფილი სიბერე ექნება.

საპენსიო რეფორმის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველო ამ ტიპის სისტემისთვის ჯერ მომზადებული არ არის, რადგან ქვეყანაში თანხის დაზოგვის კულტურა არ არსებობს.

თუმცა, საპენსიო მოდელის შეცვლასთან დაკავშირებით საპენსიო რეფორმის სამსახურის ხელმძღვანელს თავისი არგუმენტაცია აქვს. ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, დემოგრაფიული სურათი 10–20–30 წლის განმავლობაში იცვლება. წლების გასვლასთან ერთად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობაც, რასაც ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მედიცინაში მიღწეული პროგრესი განაპირობებს. შესაბამისად, ოთარ ძიძიკაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე წელში საქართველოს უფრო მეტი პენსიონერი ეყოლება.

“აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი დააწვება სახელმწიფოს და დღესვე უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ 30 წლის შემდგომ როგორ დავაბალანსოთ საპენსიო რისკები. ამაზე დღესაც ვმუშაობთ და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ საპენსიო რეფორმას იმ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა რისკები დაბალანსდეს და ის პენსიონრები, რომლებიც 20–30 წლის შემდეგ იქნებიან, მათ ჰქონდეთ გაცილებით მაღალი და ადეკვატური პენსია’’,- აცხადებს საპენსიო რეფორმის სამსახურის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, საპენსიო რეფორმების სამსახურს რეფორმაზე მუშაობის პერიოდში კონსულტაციას მსოფლიო ბანკი უწევდა. როგორც მსოფლიო ბანკის წამყვანი ეკონომისტი ანიტა შვარტი აცხადებს, კარგი იქნება თუ საქართველო დაგროვების სქემას, არსებულ მოდელთან ერთად დანერგავს.