ახალი ამბები

ჩინეთში, შესაძლოა, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს

“საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი, მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივას, აღადგინოს აბრეშუმის ისტორიული გზა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრისას.
პრემიერის განცხადებით, აბრეშუმის გზა საქართველოს შესაძლებლობას უჩენს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი და შეასრულოს ორი გეოპოლიტიკური არეალის დამაკავშირებლის ისტორიული ფუნქცია.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. გამოითქვა იმედი, რომ ჩინეთში ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლების, ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.