დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ და თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლია ბაზიერაშვილმა თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს. მათ პირველკლასელებს პორტატული კომპიუტერები დაურიგეს. თელავის 10 სკოლაში სწავლა 342-მა პირველკლასელმა დაიწყო.
„ყველას ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებ, რომ ეს ყოფილიყოს მათთვის წარმატებული და ნაყოფიერი შრომის წელი. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2014 -2015 ახალი სასწავლო წლისთვის თელავს ჰყავს 342 პირველკლასელი.2014-2015 სასწავლო წელს თელავის რამოდენიმე საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
„ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ პორტატული კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. იქ, სადაც იყო წიგნების დანაკლისი, მოვიდა უკვე და ეს პრობლემა მოგვარებულია“, – აღნიშნა ლია ბაზიერაშვილმა.
სკოლაში მოსულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მთელი რიგი სიახლეები დახვდათ. წელს დასრულდა ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტის რევიზია, რომლის ფარგლებშიც დაწყებითი საფეხურისათვის შეიქმნება ახალი სახელმძღვანელოები. ახალი სასწავლო წლიდან მეორე უცხო ენის სწავლება სავალდებულო გახდა მე-5 კლასიდან. წინა წლებში მეორე უცხო ენას სკოლები მეშვიდე კლასიდან იწყებდნენ. ეს სიახლე ნაწილობრივ წლევანდელ მეექვსე კლასელებსაც ეხებათ. მათაც შეუძლიათ მეორე უცხო ენის სწავლა წლევანდელი წლიდან დაიწყონ. საბაზო საფეხურზე სადამრიგებლო საათი კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის უნარების განვითარებას დაეთმობა. საბაზო საფეხურზე სადამრიგებლო საათი კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის უნარების განვითარებას დაეთმობა.წელს საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება ექიმის კაბინეტი. პირველ ეტაპზე პერსონალური ექიმი 100 სკოლას ეყოლება. თუმცა მომავალი 3 წლის განმავლობაში სამედიცინო ოთახი ყველა სკოლაში უნდა იყოს. გამონაკლისი იქნება რეგიონების მცირე კონტიგენტიანი სკოლები. განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიაგურის თქმით, ისეთ სკოლებში, სადაც ბავშვების რაოდენობა ძალიან ცოტაა, ექიმის შტატი არ დაიშვება. თუმცა მოსწავლეებზე სოფლის ამბულატორიის ექიმები იზრუნებენ.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე, 11 სექტემბერს, თელავის N1, N2, N3, N4, N5, N7, N8, N9, სოფლების – ბუშეტის, თეთრიწყლების, ვანთის, ყარაჯლის, წინანდლის, ართანის, ვარდისუბნის, ლაფანყურის, კურდღელაურის, ფშაველის, ნაფარაეულის, კონდოლის, ქვემო ხოდაშნის, აკურისა და იყალთოს საჯარო სკოლებში მოქმედმა სამეურვეო საბჭოებმა, 6 წლის ვადით, დირექტორები აირჩიეს.

