ყვარლელ მევენახეებს დაკრეფილი ყურძენი უფუჭდებათ
რამდენიმე დღეა, რაც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალსოფლის, ჭიკაანის, გავაზისა და ზინობიანის მოსახლეობა ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებს, რის გამოც დაკრეფილი მოსავალი უფუჭდებათ. ყვარლელი მევენახეების საპროტესტო აქციის მიზეზი სწორედ ეს გახდა. აქციის მონაწილეებმა ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.
,,მოვითხოვთ, ჭიკაანში გაიხსნას ღვინის ქარხანა და დაიწყოს თეთრი ყურძნის ჩაბარება. იმის გამო, რომ გვალვამ და სეტყვამ ყურძენი დააზიანა, კერძო ქარხნები არ იბარებენ და დაკრეფილი მოსავალი გვიფუჭდება. ბანკიდან კრედიტი გვაქვს გამოტანილი და თუ ყურძენს ვერ ჩავაბარებთ, მის დაფარვას ვერ შევძლებთ,”- აცხადებენ ყვარლელი მევენახეები.
აქციაზე “რთველი 2014”-ის შტაბის წევრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯომარე, ლევან დავითაშვილი მივიდა და მოსახლეობას გაესაუბრა. დავითაშვილის თქმით, სოფელ ჭიკაანის ღვინის ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობას ხვალიდან დაიწყებს და გლეხებისგან სამიდან ოთხი ათას ტონამდე ყურძენს ჩაიბარებს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, რქაწითელის ფასი ხარისხის მიხედვით განისაზღვრება. დაუზიანებელი ყურძენი ერთი ლარი ეღირება, ხოლო დაზიანებულ ყურძენში სახელმწიფო გლეხებს 1 კილოგრამში 50 თეთრს გადაუხდის.

