ახალი ამბები

შსს საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს განმარტავს

ალკოჰოლის მოხმარების წესებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს. 
“ცვლილებებით რეგულიცაიები დაიხვეწა და ეს მუხლები თუ ჩანაწერები შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო პრაქტიკასთან. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წესით ისჯება ალკოჰოლური სასმელების სმა სტადიონზე, სკვერში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ასეთ ადგილად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საჯარო ანუ ღია სივრცე, სადაც შეიძლება შეიკრიბოს ორი ან მეტი პირი. მაგალითად: ქუჩა, გაჩერების პუნქტები, ტროტუარები, გადასასვლელები, ხიდები, გვირაბები, სადარბაზოები, კორპუსის მიმდებარე ტერიტორია”, – განაცხადა ზვიად ოქროპირიძემ. 
მისი განცხადებით, პირველ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია 50-დან 150 ლარამდე ოდენობის ჯარიმით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 500 ლარამდე ოდენობის ან დამატებით 15 დღემდე ვადით პატიმრობით. 
ოქროპირიძს განმარტებით, ეს მუხლი არ ვრცელდება სავაჭრო-საზოგადოებრივი კვების საწარმოებსა და იმ ადგილებზე, სადაც ალკოჰოლური სასმელის ჩამოსხმით გაყიდვა არის ნებადართული. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლში 2013 წლის ნოემბერში შევიდა.