დღეს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღინიშნება
11 სექტემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ტრადიციული მარხვით ხვდებიან. ყველა მოქმედ ტაძარში კი წირვა-ლოცვა აღევლინება. გუშინ თბილისის წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის მონასტერში (ჩაიკიდული თხემები) აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ღამისთევის სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღასრულა. წმ. იოანე ნათლისმცემელის სიკვდილი ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს უკავშირდება. წმ. წინასწარმეტყველს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე მაცხოვრის წინამორბედი ჰეროდემ საპყრობილეში დაატყვევა. წმინდანი ჰეროდე ანტიპას დაუფარავად ამხელდა კანონიერ ცოლთან განშორებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდეადასთან აღვირახსნილი თანაცხოვრების გამო.
წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის სურვილი ჰქონდა ჰეროდეადას ქალიშვილს, სალომეას. მან წმინდანისთვის თავის მოკვეთა ჰეროდე ანტიპას დედის ჩაგონებით სთხოვა, რადგან მას სძულდა წმ. წინასწარმეტყველი. სალომეა ჰეროდეს ძმის, ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლულმა ჰეროდე ანტიპამ სალომეას ნებისმიერი სურვილის აღსრულება აღუთქვა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა.
ჰეროდემ საპყრობილეში გაგზავნა ჯალათი, რომელმაც წმინდანს თავი მოჰკვეთა და ლანგრით სალომეას მიართვა. 11 სექტემბრის გარდა, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანის ხსენებას წელიწადში ხუთჯერ აღნიშნავს. 6 ოქტომბერს ეკლესია დღესასწაულობს წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღებას. ნათლისღების დღესასწაულის მეორე დღეს, 20 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს წმ. წინასწარმეტყველის კრებას. 9 მარტს ეკლესია დღესასწაულობს მისი თავის პირველად და მეორედ პოვნას. 7 ივნისს წმინდანის თავის მესამედ პოვნა აღინიშნება, ხოლო 7 ივლისს მართლმადიდებლური სამყარო დღესასწაულობს წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს.

