ახალი ამბები

თესაუს ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ატესტაციას გაივლის

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელი ატესტაციას გაივლის. თესაუს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაატა გოცირიძის განცხადებით, ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, როდის ჩაუტარდებათ თანამშრომლებს ტესტირება.

უკვე ცნობილია, რომ ტესტირებას ჩაატარებს თესაუში სპეციალურად შექმნილი საატესტაციო კომისია, რომელიც ახლო მომავალში ჩამოყალიბდება და განსაზღვრავს სატესტო თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

„ახლო მომავალში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა თანამშრმლის ატესტაცია ემსახურება კადრების გადახალისებას. თუ თანამშრომელი ტესტირების დროს დაწესებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, იმ ადგილზე გამოცხადდება კონკურსი, რომელიც რამდენიმე ეტაპისაგან შედგება.კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ ადამიანს. ამ თვეში იურიდიული სამსახური ყველა თანამშრომელს ატესტაციის თითოეულ დეტალს გააცნობს“, – განუცხადა KNEWS.ge-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაატა გოცირიძემ.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაატა გოცირიძის ბრძანებით 1 სექტმბრიდან  24 თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა. მისივე განცხადებით, დაკავებული თანამდებობიდან თანამშრომელთა გათავისუფლება გამოიწვია უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრად შემცირებამ.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 21 საბაკალავრო პროგრამაზე 780 ადგილი იყო გამოცხადებული. აღნიშნულ 21 სპეციალობაზე მხოლოდ 179-მა აბიტურიენტმა ჩააბარა.