ახალი ამბები

კახეთში 22 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი გაიყიდა

რთველი კახეთში

 კახეთში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. დღეისათვის გადამუშავებულია 14 ათას ტონამდე ყურძენი. მევენახეების მიერ მიღებული  შემოსავალი  ჯამში  22 მილიონ ლარამდე შეადგენს“, –  განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

   20 აგვისტოდან ქალაქ გურჯაანში მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ საგანგებოდ შექმნილი  რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარებას. 5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ყურძნის მიღება-გადამუშავებას 45 საწარმო ახორციელებს.

 ამ ეტაპზე,   ღვინის ქარხნების მიერ ინდუსტრიულად გადამუშავებულია 13,314 ტონა ყურძენი. მათ შორის მუნიციპალიტეტების მიხედვით: ყვარელი –  4,092 ტონა, გურჯაანი – 3,489 ტონა, თელავი 1,669 ტონა, სიღნაღი – 2,042 ტონა, დედოფლისწყარო – 1,240  ტონა, ახმეტაში  – 475 ტონა, საგარეჯო – 198 ტონა, ლაგოდეხი – 89 ტონა.

 რთველთან დაკავშირებით მუშაობს ცხელი ხაზი – 2 47 01 01, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

 ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) საქართველოდან ღვინის ექსპორტი 83%-ით  გაიზარდა  და $118 მილიონზე მეტი შეადგინა. 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 მილიონ ბოთლზე მეტი, რაც 69%-ითაღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.