ახალი ამბები

დღეს გურჯაანში „რთველი 2014“-ის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნება

შტაბი 24–საათიან რეჟიმში იმუშავებს და ჩაბარებული ყურძენი ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება. შტაბში იმუშავებს ცხელი ხაზი. 

შტაბს გურჯაანში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია 14:00 საათზე გახსნის. რთველის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა კიდევ ერთხელ ამოქმედდება. მეღვინეები, „შეღავათიანი კრედიტის“ მეხუთე  კომპონენტის ფარგლებში, მიიღებენ დაბალპროცენტიან სესხს, რომელსაც ყურძნის შესაძენად გამოიყენებენ.

 სამთავრობო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ რქაწითლის ჯიშის ყურძენზე სუბსიდია 35 თეთრი იქნება, საფერავზე კი – 15 თეთრი.  შეგახსენებთ, რომ შარშან ყურძნის ღირებულება ერთი ლარიდან იწყებოდა და 2 ლარსაც აღწევდა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახელმა მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად შარშან 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. პირდაპირი შემოსავალი დაახლოებით 17 ათასმა ადამიანმა მიიღო.  

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით მეტ მოსავალს ვარაუდობენ. მნიშვნელოვნად  გაზრდილია ღვინის ექსპორტიც, თუმცა რუსეთის ბაზრის მოსალოდნელი დახურვის გამო ექსპორტი შემცირდება. წელს მოთხოვნა გაიზარდა თეთრ ყურძენზე. რაც შეეხება  წითელ ყურძენზე  მოთხოვნას, სავარაუდოდ, ის 2-ჯერ მეტია, ვიდრე მოსავალი.