ყურძნის სუბსიდირებით კომპანიები იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუ კილოგრამს არანაკლებ 1 ლარად შეიძენენ
მთავრობა წელს 126 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდება. სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, რქაწითელის მოცულობა დაახლოებით 96 ათასი ტონა, საფერავი კი 30 ათასი ტონა იქნება.
მინისტრის თქმით, უკვე დამტკიცდა სახელმწიფო სუბსიდიაც, რაც რქაწითელის შემთხვევაში გასულ წელთან შედარებით 5 თეთრით ნაკლები 0,35 ლარი იქნება, საფერავის შემთხვევაში კი 10 თეთრით ნაკლები 0,15 ლარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენიმე კვირის წინ აცხადებდნენ, რომ „რთველი-2014“-ის ფარგლებში წითელ ყურძენზე სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება არ განხორციელდებოდა, თუმცა მთავრობამ პოზიცია შეიცვალა და წითელი ყურძნის სუბსიდირება ძალაში დატოვა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ,,კომერსანტთან’’ განმარტა, სუბსიდირებას არ გეგმავდნენ, თუმცა შესაძლო გარემოებები გაითვალისწინეს და დარგის კიდევ უფრო მეტი წახალისებისთვის ის ძალაში დარჩა.
დანელიას თქმით, წელს რთველი საკმაოდ ორგანიზებულად ჩაივლის და თუ შარშან ექსპორტირებული ღვინო დაახლოებით 46 მილიონ ბოთლამდე იყო, წელს უკვე 31 მილიონია, წლის ბოლოს კი ექსპორტის მაჩვენებელი 50 მილიონი ბოთლის ფარგლებში იქნება.
როგორც მინისტრი აცხადებდა, ყურძნის სუბსიდირებისთვის წელს 12 მილიონი ლარი გამოიყოფა. სუბსიდირებით კი კომპანიები იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუ ყურძენს არანაკლებ 1 ლარად შეიძენენ.