ახალი ამბები

როგორია თელავის საჯარო ინფორმაციის საიტზე განთავსების 2013 წლის მონაცემები

თელავის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წელს თელავის მუნიციპალიტეტმა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული 23 შესყიდვა განახორციელა, რისთვისაც სულ 117 287 ლარი დაიხარჯა. შესყიდულ იქნა ქ. თელავში დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების და მონახვეტის ნაგავსაყრელზე გატანა (გადახდილი თანხა: 49 613 ლარი), სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საახალწლო ტკბილეული (გადახდილი თანხა: 2 700 ლარი), ორი ცალი მობილური ტელეფონი „Samsung S7562, HTC desire sv“ (გადახდილი თანხა: 1 064 ლარი) და ა. შ.

თელავის გამგეობასა და საკრებულოში 2013 წელს არ გაცემულა სახელფასო დანამატები, არ ჩატარებულა აუდიტორული შემოწმება, გამგეობის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა კი სულ 39 199 ლარი შეადგინა.

2014 წლის აპრილის მონაცემებით მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 17 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 126 015.83 ლარს.

 რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავჯდომარის მიერ თავიანთი სამუშაო ელ. ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მიმოწერას, ირკვევა რომ, გამგეობა არ სარგებლობს საქმის ელექტრონული წარმოებით, საკრებულოს თავჯდომარის ელ. ფოსტით განხორციელებული მიმოწერის ცალკე რეგისტრაციას კი ადგილი არ აქვს.

ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენენ იმ ინფორმაციის მხოლოდ მცირედ ნაწილს, რომელიც IDFI-იმ კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვა.