ახალი ამბები

რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებული ემბარგო – ქართველი ფერმერების შანსი

რუსეთის მიერ საკვები პროდუქციის იმპორტზე დაწესებული ემბარგო ქართველი ფერმერებისთვის შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს, რადგან არ არის გამორიცხული, აკრძალვის შედეგად რუსულ ბაზარზე გარკვეული პროდუქციის დეფიციტი შეიქმნას. 

თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი commersant.ge-სთან აცხადებს, ქართველმა ფერმერებმა უნდა ისწავლონ მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინება და საკუთარი გადაწყვეტილებების ამის მიხედვით დაგეგმვა, რადგან არ არის გამორიცხული, ჩრდილოელმა მეზობელმა მსგავსი სანქციები ახლო მომავალში საქართველოზეც გაავრცელოს. 

 „ემბარგოს შემდეგ რუსეთის ბაზარზე, ცხადია, გარკვეულ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან მიწოდება–მოთხოვნის ბალანსი დაირღვევა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების თანახმად კი ეს ბალანსი უნდა აღდგეს. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის მიწოდება გაიზარდოს. ქართველ ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით, რატომაც არა, მაგრამ მათი გრძელვადიანი სტრატეგია საექსპორტო საქონლის მოცულობისა და ხარისხის გაზრდა უნდა იყოს აგებული,“ – აცხადებს აგულაშვილი. 

ცნობისთვის: საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან რუსეთში 7 თვეში ექსპორტირებულია 2258 ტონა ხილი, 80 ტონამდე ბოსტნეული, 2567 ტონა ციტრუსი,  188 ტონა ჩაი, 1062 ტონა დაფნის ფოთოლი, 1 ტონა ხმელი სუნელი. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, რუსეთის ბაზარზე გავიდა მოცვი, ჩაი, თხილი, მანდარინი, ლიმონი, ხილის ჩაი, მანდარინის კონცენტრირებული  წვენი, ხილის ნატურალური წვენი, პომიდორი, დაფნის ფოთოლი, უცხო სუნელი, საადრეო კარტოფილი, ვაშლი, ბალი, ვაშლატამა და ატამი.