“აწარმოე საქართველოს” ფარგლებში დაფინანსებაზე ქვედა ზღვარი მოიხსნა
ცვლილებების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის დადგენილებაში, ცვლილების ინიცირება პროგრამის კომპონენტების ეფექტურობამ და წარმატებამ განაპირობა და ეს ყველაფერი კი ბენეფიციართა რიცხვის გასაზრდელად კეთდება.
ცვლილებების თანახმად, მოიხსნა სესხის მოცულობის ზედა ზღვარი, რომელიც 2 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრებოდა.
ასევე, ამ ცვლილებების თანახმად, მოხდება არამხოლოდ დამწყები საწარმოების ხელშეწყობა, არამედ არსებული ბიზნესების გაფართოება.
უკვე დაინტერესებულ მეწარმეებს შეეძლებათ მიმართონ ბანკს და ისარგებლონ სესხზე შეღავათიანი პირობებით, რათა მოახდინონ არსებული ბიზნესის გაფართოება ან გადაიარაღება. აღნიშნული აამაღლებს არსებული საწარმოების პროდუქტიულობას და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.
ამასთანავე, 2014 წლის სექტემბრიდან მეწარმეობის განვითარების სააგენტო სამთავრობო ინიციატივის, „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში იწყებს სახალხო პროგრამის განხორციელებას, რისი საშუალებითაც მოხდება მიკრობიზნესის წახალისება საქართველოს ყველა რეგიონში.
მიკრობიზნესის წახალისების პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილია 20 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც მოხდება 3,200 მეწარმის ხელშეწყობა საქართველოს ყველა რეგიონში. აღნიშნული უზრუნველყოფს 4,600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.
პროგრამის შედეგად მოხდება ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, შემცირდება რეგიონის მკვიდრთა მიგრაცია, რეგიონებში დამკვიდრდება თანამედროვე ბიზნესპრაქტიკა და ადგილობრივ დონეზე მოხდება შემოსავლების ათვისება.
პროგრამა მოიცავს როგორც ფინანსური დახმარების, ისე ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესების კომპონენტებს.
ფინანსური დახმარების კომპონენტი გულისხმობს დამწყები მეწარმეებისთვის 5,000 ლარის ოდენობის თანამონაწილეობრივი დაფინანსების გამოყოფას, ხოლო მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა 15,000 ლარია. ფინანსური დახმარების მიმღების თანამონაწილეობრივი წილი 20%-ს შეადგენს.
ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარების ბენეფიციარ მეწარმეებს უსასყიდლოდ გაეწევათ პროფესიუნალური ბიზნესკონსულტაციები, საკვალიფიკაციო ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები.“