კახეთში სასაკლაო აშენდება
როგორც ინდ. მეწარმე მამუკა ქოქაშვილი აცხადებს, ამისთვის კომპანიამ დამატებითი სახსრები უკვე მოიზიდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე დარჩენილია საერთაშორისო სერთიფიკატის მიღება, რომელიც კომპანიას ხორცის ექსპორტზე გატანაში ჭირდება. ქოქაშვილი აცხადებს, რომ სერთიფიკატის ასაღებად განაცხადი სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე შეტანილი აქვთ.
კომერსანტის ინფორმაციით, კომპანია უკვე ფლობს სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში ფერმას, რომლის გაფართოებისთვისაც გასული წლის ბოლოს კომაპნიამ 60 000 დოლარის სესხი „შეღავათიანი აგროკრედიტების“ პროგრამის ფარგლებში მიიღო. ქოქაშვილი აცხადებს, რომ სესხის ფარგლებში უკვე შეისყიდა 300 სული ცხვარი და 20 სული ძროხა. ჯამში კი ფერმაში 1000 სული ცხვარი და 49 ძროხაა.
ქოქაშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ცოცხალი საქონლის რეალიზაცია განახევრებულია. ამის მზეზად კი ქოქაშვილი მიმდინარე ზაფხულში გვალვებს ასახელებს. ანუ მისი თქმით, გვალვების პერიოდში ბალახი აღარ არის, შესაბამისად, საქონელი ვერ იკვებება. „გამხდარი და გასაცოდავებული საქონელი და არავის აღარ უნდა, ამიტომაც იკლო გაყიდვებმა“, -აცხადებს ქოქაშვილი.
მისი თქმით, თუ გასულ წელს საშუალო ზომის ძროხა 2000 ლარად იყიდებოდა, წელს მისი ფასი 800 ლარამდე ჩამოვიდა.