ოქტომბრიდან ჯილეხით დახოცილი საქონლის კრემაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს
ცხოველების ლეშის უფასოდ დაწვას სახელმწიფო, უშუალოდ კი სურსათის უვნებლობის სამსახური უზრუნველყოფს. ქვეყანაში 2 მობილური კრემატორიუმი უკვე არსებობს, თუმცა, მათი ამოქმედება ამ დრომდე არ მომხდარა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმღვანელის მოადგილე მიხეილ სოხაძე ,,კომერსანტთან” აცხადებს, რომ კრემატორიუმის ასამუშავებლად დამატებით მცირე ტიპის მაქანებია საჭირო, რომლებმაც მკვდარი საქონელი კრემატორიუმამდე უნდა მიიტანოს. მართალია, კრემატორიუმის გადაადგილების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა, ეს საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ საახელმწიფო მანქანების შეძენას ელოდება, რომლის თანხაც ევროკავშირმა უნდა გამოყოს. მანქანების შესაძენად კი ტენდერი უნდა გამოცხადდეს.
თავად კრემატორიუმები სურსათის უვნებლობის სამსახურმა გასული წლის 31 დეკემბერს შეიძინა. 2 დანადგარი სახელმწიფო ბიუჯეტს 800 ათას ლარამდე დაუჯდა.
ყველანაირი ტექნიკით აღჭურვის შემდეგ კრემატორიუმები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გადანაწილდება. რაც შეეხება თავად პროცედურას, საქონლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას სურსათის უვნებლობის სამსახური რეგიონული ოფისებიდან ვეტერინარებისა და თავად გლეხებისგან მიიღებს, შემდეგ მოხდება სინჯის აღება და ლაბორატორიაში გადაგზავნა იმის დასადგენად, ნამდვილად არის თუ არა საქონელი მკვდარი ჯილეხით ან რაიმე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სხვა დაავადებით, რის შემდეგაც მოხდება საქონლის გადატანა კრემატორიუმში და შემდეგ მისი დაწვა.
„დროში არ გაიწელება პროცესი, კარგი ქსელი აქვს ლაბორატორიას, ჯილეხის კვლევა კი განსაკუთრებულ დროს არ ითხოვს. ერთი დღე მოუნდება მაქსიმუმ“,- აცხადებს მიხეილ სოხაძე.