რწმუნებულების გარეშე დარჩენილი სოფლები
თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით, სოფლებში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებისა და სპეციალისტების შტატები გაუქმდა.
დეცენტრალიზაციის ახალი კანონის თანახმად, გამგებელს შეუძლია, ყველა სოფელში თავისი წარმომადგენელი დანიშნოს, თუმცა კანონში მითითებული არ არის, რომ ეს აუცილებელი მოთხოვნაა და რა უფლება-მოვალეობები ექნებათ მათ. თელავის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელ ლევან ბერძენაშვილის განცხადებით, ამოქმედდა თვითმმართველობის ახალი კოდექსი, რომლის თანახმადაც, სოფლის რწმუნებულები დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, ამ დროისთვის შტატების შემცირება არ იგეგმება.
-,,ახალი კოდექსის მიხედვით, რწმუნებულები აღარ იქნებიან მერიის, გამგეობის წარმომადგენლები. არც შტატების შემცირება იგეგმება. ახალი გამგებელი და მერი გადაწყვეტენ, ეყოლებათ თუ არა წარმომადგენელი ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში, ტერიტორიაზე და სხვა. ეს საკითხი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, დებულებით უნდა განისაზღვროს და მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინოს. ის ადამიანები, რომლებიც გათავისუფლდებიან ტერიტორიული ორგანოებიდან, სხვა სახეცვლილ სამსახურში ან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლობაში დაიწყებენ მუშაობას.’’
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებისა და სპეციალისტების შტატი გაუქმდა გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც. უფლებამოსილება 24 სოფლის რწმუნებულსა და 94 სპეციალისტს უკვე შეუწყდა.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე აცხადებს, ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულების ნაცვლად, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები დაინიშნებიან, რომლებიც გარკვეულ დამაკავშირებელ როლს შეასრულებენ ადგილობრივ თვითმმართველობასა და სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის.
-,,როგორც ყველგან, გურჯაანშიც რწმუნებულები სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან ძალაში შევიდა ახალი თვითმმართველობის კანონი, რომელიც გარკვეულ საკითხებს ითვალისწინებს. სწორედ ამ კანონის მიხედვით გაუშვეს სამსახურებიდან. რაც შეეხება იმას, ეყოლება თუ არა გამგეობას სოფლებში წარმომადგენლები, ვიტყვი, რომ, რწმუნებულების ნაცვლად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები დაინიშნებიან.’’
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის რწმუნებული მარიამ თევდორაშვილი აცხადებს, სოფლებში პრობლეჶმების მოგვარება რწმუნებულებისა და სპეციალისტების გარეშე შეუძლებელი იქნება.
-,,უკვე დიდი ხანია შეგვიჩერდა უფლებამოსილება. რატომ გაგვათავისუფლეს? ალბათ, წარმოუდგენიათ, რომ სოფელში არ არის საქმე. შეიძლება სახელი შეიცვალოს, მაგრამ აუცილებელია, გამგებელს წარმომადგენელი ჰყავდეს.’’
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ზურაბ დანელიშვილი აცხადებს, ახალი კანონის მთავარი ხარვეზი არის ის, რომ სოფლებში გამგებლის წარმომადგენლების უფლება-მოვალეობა არ არის განსაზღვრული.
-,,კანონის მიხედვით, ისე გამოდის, რომ შესაძლებელია გამგებელმა წარმომადგენელი არც ერთ სოფელში არ დანიშნოს. ამის უფლება მას აქვს. კანონში წერია, რომ გამგებელს შეუძლია, დანიშნოს, მაგრამ არ არის ვალდებული. თუ გამგებელს სოფელში თავისი წარმომადგენელი არ ეყოლება, ბევრი პრობლემები გაჩნდება.’’
სოფლების მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნული სამსახურის გაუქმების გამო სოფლის პრობლემები მოუგვარებელი დარჩება:
,,ძალიან ცუდია, რომ სოფლებს აღარ ყავს რწმუნებულები, რადგან აუცილებელია, ყველა სოფელში იყოს გამგებლის ერთი წარმომადგენელი მაინც. რამე თუ დამჭირდებოდა სოფლის რწმუნებულთან მივდიოდი და დახმარებას ვთხოვდი. გარდა ამისა, ბევრი საკითხი იყო, რომელსაც აქ ტერიტორიული მართვის ორგანოში გვიგვარებდნენ და შორ გზაზე თელავში წასვლა არ გვიწევდა. ახლა მოგვიწევს თელავის გამგეობაში გადასვლა, გზის თანხაც დაგვჭირდება და შეიძლება ვერც მოვახერხოთ შესვლა გამგებელთან,’’ – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის მკვიდრმა ქეთევან ყარაულაშვილმა.