ივნის-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 4100 ტონამდე ქართული ხილ-ბოსტნეული გავიდა
აქტიურ ფაზაშია ქართული ატმისა და სხვა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში. დღევანდელი მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე გასულია 1810,5 ტონა ხილ-ბოსტნეული. მათ შორის: 725 ტონა ატამი, 944 ტონა ვაშლატამა, 36 ტონა ბალი, 26 ტონა მოცვი, 18,5 ტონა პომიდორი, 61 ტონა საადრეო კარტოფილი.
ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ ერთი ფანჯრის პრინციპით და ერთ ადგილას აიღონ ექსპორტის განსახორციელებლად საჭირო ყველა საბუთი, მათ შორის, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ამ მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ძირითადად კი კახეთის მხარეში მობილიზებულნი არიან სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც საექსპორტო ტვირთების ფორმირების პროცესში ახორციელებენ ფიტოსანიტარიულ კონტროლს და მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ გასცემენ შესაბამის სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ ქართული პროდუქტი არ შეიცავს საკარანტინო მავნებლებსა და დაავადებებს.