სიღნაღში წყლის მინი საქაჩ სისტემებს დაამონტაჟებენ
სიღნაღის რაიონში ძლიერი გვალვის გამო სოფელ ვაქირში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ხელმძღვანელი, ფიტოსანიტარები და ნიადაგმცოდნეები ჩავიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ.
უახლოეს პერიოდში იგეგმება წყლის საქაჩი სისტემების შეძენა, რაც მომავალი წლიდან მოაგვარებს სარწყავი წყლის პრობლემას. შეიქმნება ასევე სპეციალური პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს სარწყავი წყლის მიყვანას მიწის ნაკვეთებამდე.
დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, სარწყავი სისტემების პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამანაწილებელი გაწმენდილია. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბოლო 25-30 წელია არ ჩატარებულა. 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, სამჯერ მეტი ფართობი გასარწყავდება – სულ 88 ათასი ჰა.
სარწყავი სისტემების პრობლემის მოგვარება მინიმუმამდე შეამცირებს ბუნებრივ-კლიმატური პირობებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს და საშუალებას მისცემს ფერმერებს, 40-50%-ით გაზარდონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება.