ახალი ამბები

თელავის ახალი მერი სამოქმედო გეგმას ამზადებს

თელავის #17 საარჩევნო ოლქში, თვითმმართველი ქალაქის თელავის მერის არჩევნებში ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 16 საარჩევნო უბნიდან ამომრჩეველთა ხმების 70,61% მმართველი გუნდის კანდიდატმა პლატონ კალმახელიძემ მიიღო. 
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერის მეორე კანდიდატს, ალექსი ძულიაშვილს კი ხმების 29,39% ერგო. წინასწარი შედეგებით არჩევნებში გამარჯვებულმა მერმა, პლატონ კალმახელიძემ თელაველებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.  როგორც კალმახელიძემ ,,კახეთის ხმასთან’’ საუბრისას განაცხადა, თელავში არჩევნებმა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა.
,,პირველრიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა თელაველ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნების მეორე ტურზე და დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია. 
ასევე , მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ამომრჩეველს, რომლებმაც გამოხატეს ნდობა ჩემს მიმართ. თელავში არჩევნებმა ჩაიარა დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში. მსგავსი არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული ტარდება. მინდა ავღნიშნო ისიც, რომ წინა არჩევნებთან შედარებით მეორე ტურზე მოსახლეობის აქტივობა მაღალი იყო,‘’ – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ. პლატონ კალმახელიძეს თქმით, მუშაობას ცესკოს მიერ არჩევნების შედეგებისოფიციალურად გამოცხადების შემდეგ შეუდგება:
,,რაც შეეხება ჩემს გეგმებს, პირველრიგში, მუშაობას დავიწყებ იმ დაპირებების ასრულებაზე რაც წინასაარჩევნოდ თანაქალაქელბს მივეცი. ველოდები ცესკო როდის გამოცხადებს შედეგებს ოფიციალურად და ამის შემდეგ შევუდგები მუშაობას. ამ პერიოდში ქალაქის ახლანდელი გამგებელი დატოვებს თანამდებობას, რის შემდეგაც მომეცემა საშუალება შევიდე ჩემს სამუშაო კაბინეტში. ჩვენ მანამდეც აქტიურად ვმუშაობთ საორგანიზაციო საკითხებზე და ვქმნით სამოქმედო გეგმას.’’ 
კალმახელიძეს თქმით, იგი მუშაობის დაწყებას საქმისადმი ერთგულ ადამიანეთაბ ერთად აპირებს. არჩევნების შეფასებისთვის შევეცადეთ დავკავშირებოდთ თელავის მერის კანდიდატს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან’’ ალექსი ძულიაშვილს , რომელიც მეორე ტურში კალმახელიძის კონკურენტი იყო, იგი დაგპირდა კომენტარის გაკეთებას, თუმცა მოგვიანებით ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.