ქართულმა ხილ–ბოსტნეულმა რუსეთში პოპულარობა ვერ მოიპოვა
ქართული ხილ–ბოსტნეული რუსეთის ბაზარზე დიდი მოთხოვნით არ სარგებლობს და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენციას ვერ უძლებს. ამის შესახებ რუსულ „კომერსანტს“ რუსეთის საცალო სავაჭრო ქსელებში განუცხადეს. რუსული გამოცემა ასევე დაინტერესდა, რატომ იხსნება რუსეთის ბაზრის კარი საქართველოსთვის იმ პირობებში, როდესაც საქართველომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი?
გასულ კვირაში რუსეთმა, თითქმის 8–წლიანი ემბარგოს შემდეგ, საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყველა სახეობის იმპორტი დაუშვა. რუსული „კომერსანტი“ წერს, რომ მართალია, მოლდოვამაც და საქართველომაც ახლახანს მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თუმცა თუ მოლდოვას ეს სავაჭრო ომად დაუჯდა, საქართველოს მიმართ რუსული პოზიცია რბილია, რაც შესაძლოა სხვა სავარაუდო კომპრომისებით იყოს გამოწვეული.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ როსსელხოზნადზორმა რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ნესვი, საზამთრო, წიწაკა, სტაფილო და სხვა პროდუქტები დაუშვა. შედეგად, რუსეთმა თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნა ქართულ იმპორტზე. აკრძალვის ქვეშ რჩება მხოლოდ ხილ–ბოსტნეულის ხელბარგით გადატანა.
შეგახსენებთ, რომ ქართული მინერალური წყლისა და ღვინის იმპორტზე რუსეთმა აკრძალვა გასული წლის დასაწყისში მოხსნა. 2013 წლის ივნისში კი რუსულ ბაზარს ჩაი, დაფნის ფოთოლი, ჩირი დაუბრუნდა, ოქტომბრიდან – ციტრუსი, თხილი და ყურძენი, 2014 წლის 26 მაისიდან კი მწვანე შუქი აენთო კარტოფილს, პომიდორსა და კიტრს.
საქსტატის მონაცემებით, ემბარგოს შერბილების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 315%–ით გაიზარდა, ქართული ღვინის ექსპორტის საერთო მოცულობამ კი რუსული ბაზრის ხარჯზე 100%–ით მოიმატა.
ამასთან, გასულ წელს ფედერაციის ტერიტორიაზე განხორციელებულ იმპორტში ქართული პროდუქციის წილი 1,5%–ს არ აჭარბებდა.
ამის შესახებ ჯგუფ „ნეო ცენტრის“ გენდირექტორის მოადგილე ანასტასია ზალუცკაია აცხადებს.
რუსულ სავაჭრო ქსელებში ამბობენ, რომ ქართული ხილი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. Metro Cash & Carry–ს წარმომადგენლის განცხადებით, იმპორტირებული ხილ–ბოსტნეული ვერ უძლებს რუსული პროდუქტების კონკურენციას. მისივე თქმით, საქართველოდან იმპორტის 99% მანდარინია.
რუსული „კომერსანტი“ ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების ფონზე რუსული ბაზრის გახსნა ალოგიკურად გამოიყურება. მაგალითად, მოლდოვას მიერ ამ დოკუმენტის ხელმოწერა შესაძლოა რუსეთთან სავაჭრო ომში გადაიზარდოს: გასულ კვირაში როსსელხოზნადზორი ქვეყანას სრული ემბარგოს გამოცხადებით დაემუქრა, როსპოტრებნადზორმა კი უკვე დაიწყო ბაზრიდან კონსერვების ამოღება ყოველგვარი განმარტების გარეშე.
რუსულ „კომერსანტთან“ საუბარში ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში მოსკოვს არ აწყობს ხელის ერთი მოსმით დაანგრიოს საქართველოსთან ურთიერთობების დათბობის პოზიტიური ტრენდი, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო.
გაზეთ „პრემიერის“ ანალიტიკოსი მიხეილ გეწაძე კი მოსკოვის პოზიციას რკინიგზასთან დაკავშირებით შესაძლო კომპრომისით ხსნის.
კერძოდ, მისი მონაცემებით, რუსეთი საქართველოს სტრატეგიულ კომპრომისს სთავაზობს, რომლის თანახმადაც, საქართველო დათანხმდება აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ მიმავალი რკინიგზის გახსნას, სამაგიეროდ მოსკოვი საქართველოს არ „დასჯის“ ევროასოციაციის გამო და საკუთარ ბაზარს გაუხსნის.
თუმცა არც ქართველი და არც რუსი ჩინოვნიკები ამ ვერსიას არ ადასტურებენ. რუსეთის რკინიგზაში ასევე უარი განაცხადეს ამ ვარაუდის კომენტარისგან. რუსეთთან მოლაპარაკებებში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით კი, ეს ორი საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ერთად არასდროს განხილულა.