თელავის გამგებლობის კანდიდატების საარჩევნო დაპირება და მთავარი პრიორიტეტები
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ,,კახეთის ხმა” გთავაზობთ უკეთ გაიცნოთ თელავის გამგებლობის კანდიდატები.
15 ივნისის შემდეგ თვითმმართველი ქალაქი თელავი ცალკე გამოიყოფა. თელავის მუნიციპალური გაერთიანება კი ქალაქის გარდა ჩამოყალიბდება ყველა დასახლებული სოფლითა და თემით, რომლებსაც უხელმძღვანელებს გამგეობა და საკრებულო. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად 4 კანდიდატი იბრძოლებს. ვინ არიან გამგებლობის კანდიდატები და რატომ უნდა შეაჩეროს არჩევანი ადგილობრივმა მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის პირველი პირობის პრეტენდენტებზე.
თელავში ხშირად გაიგებთ შემდეგი შინაარსის კითხვას: რა კრიტერიუმებით შეირჩნენ გამგებლობის კანდიდატები და რას ჰპირდებიან ისინი არჩევის შემთხვევაში სოფლების მოსახლეობას?
გამგებლობის ოთხივე კანდიდატისათვის უმთავრესი პრიორიტეტი სოფლებისათვის წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება და სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებაა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე შათირიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატად ოფიციალურად წარუდგინა ადგილობრივ მოსახლეობას. კოალიცია „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი პროფესიით ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერია. ამჟამად კი წყალმომარაგების კომპანიის თელავის სერვისცენტრის მენეჯერია. შათირიშვილი სოფლის მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.
მმართველი პარტიის კანდიდატი ამომრჩევლის წინაშე პირობას დებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე. ალექსანდრე შათირიშვილი მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების გარანტიას აძლევს.
„პირველი პრიორიტეტია სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარება. დაწყებულია გრძელვადიანი პროექტი, რომლის მიხედვითაც 2015 წლისათვის თელავს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. სოფლის პრობლემების მოსაგვარებლად შევქმნით სტრუქტურულ დანაყოფს „სოფლის წყალი“, რომელიც შეისწავლის სოფლებში არსებულ მდგომარეობას და შეადგენს სამოქმედო გეგმას. თელავის მუნიციპალიტეტში მალე აღმოიფხვრება წყლის პრობლემა. ჩვენ ამავე დროს მოსახლეობას ვპირდებით სანიაღვრე არხების შეკეთებასა და აღდგენას“, – აცხადებს ალექსანდრე შათირიშვილი.
მმართველი კოალიციის კანდიდატი, ასევე, აქცენტს აკეთებს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდასაუბნო, სასაოფლო და სოფლებამდე მიმავალი გზების აღდგენასა და შეკეთებაზე:
„ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს სოფლამდე მისასვლელი გზა. ორ სოფელს – ლაფანყურსა და ართანას არ აქვს მისასვლელი გზა, რომელიც აუცილებლად შეკეთდება. ბევრ სოფელში შიდასაუბნო გზები საკმაოდ მოუწესრიგებელი, გადათხრილი და ცუდ მდგომარეობაშია. შიდა გზების მოხრეშვა და მოასფალტება ჩემი მეორე პრიორიტეტია.“
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მმართველი კოალიციის კანდიდატის პრიორიტეტთა ნუსხაში შედის. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლად არჩევის შემთხვევაში შათირიშვილი გეგმავს ინვესტორების მოზიდვასა და მათთვის ბიზნესსაქმიანობის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
მმართველი პარტიის გამგებლობის კანდიდატი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწობის პირობასაც დებს და მოსახლეობას მიღებული მოსავლის ადვილად რეალიზაციასაც ჰპირდება.
„ეხლა უკვე რუსეთის ბაზარზე ხილის რეალიზაციაა შესაძლებელი. იცით, რომ შარშან ფერმერებმა ატამი არ დაკრიფეს, რადგან დაკრეფვა გაცილებით ძვირი ჯდებოდა, ვიდრე გაყიდვა. ერთი კილოგრამი ატამი ხუთი და ათი თეთრი ღირდა. ეს ასე აღარ იქნება. გვსურს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს აშენებით დავაინტერსოთ უცხოელი ინვესტორები. ატმისგან, რომელიც 20, 30 ან 50 თეთრი ეღირება, შეიძლება გააკეთონ ისეთი პროდუქტი, რომელსაც როგორც საქართველოს ისე უცხოურ ბაზარზე მაღალი ფასი ექნება და რეალიზაციაც ადვილი იქნება.“
თელავის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის შათირიშვილი ტურიზმს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატი მუნიციპალიტეტისთვის წინანდლის, შუამთისა და იყალთოს განვითარებაში მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს ხედავს.
ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატს მიაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა რეალურ დახმარებას საჭიროებს. აქედან გამომდინარე თელავის მუნიციპალიტეტის პირველი პირობის პრეტენდენტის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების გაფართოებაა.
ალექსანდრე შათირიშვილი საკუთარ თავს უალტერნატივო კან¬დიდატად მიიჩნევს და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხებას გამორიცხავს.
ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის ლიდერებმა თელავის მუნიციპალი¬ტეტის გამგებლის პოსტზე ჯემალ ბაღათრიშვილი წარადგინეს. იგი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი ერთეულის, უპირველესი მიზანი სოფლის განვითარებაზე ზრუნვა უნდა იყოს. მუნიციპალიტეტის გამგებლად არჩევის შემთხვევაში ბაღათრიშვილის უმთავრესი ამოცანა იქნება მაქსიმალურად კომპაქტური გამგეობის სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს ორგანულ კანონთან. ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი გამგეობის სტრუქტურულ ჩამოყალიბებისას აქცენტს გააკეთებს სწორი საკადრო პოლიტიკის წარმოებაზე და კადრებს გამჭვირვალედ, კონკურსის წესით შეარჩევს.
ეკონომიკის განვითარებისათვის ბაღათრიშვილი უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს სოფლის მეურნეობის განვითარებას. გამგებლობის კანდიდატის აზრით, სოფლის მეურნეობის განვითარება პირდაპირპროპორციულად აისახება მუნიციპალიტეტში მცხოვრების მოქალაქეების ცხოვრების დონეზე. ბაღათრიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესანახი სამაცივრე მეურნეობებისა და საკონსერვო წარმოების შექმნის გარანტიასაც, რომლითაც დააინტერესებს უცხოელ ინვესტორებს. ბაღათრიშვილი კახეთში რუსული ინვესტიციების შემოსვალასაც არ გამორიცხავს.
„ვიზრუნებთ, რომ მოსახლეობისთვის იყოს დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი კრედიტები. ჩვენ ვგეგმავთ ხილის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას. რუსეთიდან ჩამოვლენ ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ ქარხანას ააშენებენ. ეს ჩვენი მოსახლეობისათვის ხელსაყრელი იქნება. გლეხი მოყვანილი მოსავლის უმაღლესი ხარისხის გაყიდვას საბაზრო ღირებულების ფასად შეძლებს, ხოლო მეორე ხარისხოვან მოსავალს კი ქარხანაში ჩააბარებს და აღარ გადაყრის. ვაპირებთ სამაცივრე მეურნეობის შექმნასაც. ამ მეურნეობაში გლეხი ჭარბ პროდუქციას შეიანახავს და ზამთარში ზოგი თელავის ბაზარში გაყიდის, ზოგიერთი კი შეძლებისადაგვარად გაიტანს ქვეყნის ან მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ.“
სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ბაღათრიშვილის პრიორიტეტების ნუსხაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სოფლების წყალმომარაგება და სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება, გარეგანათება, შიდასაუბნო გზების მოწესრიგება – ეს ის პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც ბაღათრიშვილი არჩევის შემთხვევაში პირველი დღეებიდანვე დაიწყებს. ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის გამგებლობის კანდიდატი სოფლების წყალმომარაგების 24 საათიან რეჟიმში გადასვლაზე აკეთებს აქცენტს.
„გასულ წლებში მუნიციპალიტეტმა საკმაოდ დიდი თანხა გაიღო სოფლად სასმელი წყლის მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მაგრამ შედეგი ვერ იქნა მიღწეული. ჩვენ, ასევე, მიგვაჩნია, რომ ყურადღება უნდა დაეთმოს გარეგანათების მოვლას, რომელიც დღესდღეობით ყურადღების მიღმაა დატოვებული. დღემდე, ასევე, მოუწესრიგებელია სოფლებში შიდასაუბნო გზები. იმის გამო, რომ არ არსებობს სოფლად სანიაღვრე სისტემა, წვიმიანი ამინდების შემდეგ გზები კვლავ გაუვალი ხდება. ჩვენი მიზანია მოწესრიგდეს სანიაღვრე და შიდა საუბნო გზების სისტემა.“
ჯემალ ბაღათრიშვილის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სოფლებში განადგურებული კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენაა. არჩევის შემთხვევაში ის დააფინანსებს გრძელვადიანი ინფრასტრქუტურული პროექტს. ამ მხრივ ბაღათრიშვილი კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზეც აკეთებს აქცენტს.
სოფლების დასუფთავების პრობლემის მოგვარების მიზნით ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის გამგებლობის კანდიდატი მუნიციპალური საწარმოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ბაღათრიშვილი განმარტავს, რომ მუნიციპალური საწარმო უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ერთ ადგილზე შეგროვებას, რომელიც გამორიცხავს სასოფლო სამეურნეო მიწების დანაგვიანებას.
ჯემალ ბაღათრიშვილიც ალექსანდრე შათირიშვილის მსგავსად უკონკურენტო კანდიდატად მიიჩნევს თავს და არჩევნებში გამარჯვების დიდი იმედი აქვს, რადგან მოსახლეობისგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას გრძნობს.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე ბედს სცდის არასაპარლამენტო ოპოზიციის „კახა კუკავა – ფიქრია ჩიხრაძე“ კანდიდატი მალხაზ არუდაშვილი. მან დასახელებული კანდიდატებიდან ყველაზე გვიან მიიღო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება და საარჩევნო კამპანიაც ამ დრომდე არ დაუწყია. არუდაშვილს აქტიურ საარჩევნო პოლიტიკაში ყოფნის ნაკლები გამოცდილება აქვს და გამგებლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას სოფლის მოსახლეობის დახმარების სურვილით ხსნის. მალხაზ არუდაშვილს ჯერ საარჩევნო პროგრამა ჯერ ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული და მიზეზად ასახელებს გამგეობის სტრუქტურის ჩამოუყალიბლებლობას. არუდაშვილი კრიტიკულად აფასებს თელავის ორ ნაწილად გაყოფას და მიიჩნევს, რომ გაცილებით დიდი თანხა დასჭირდება ცალკ-ცალკე ქალაქისა და სოფლების განვითარებას, ვიდრე იხარჯებოდა თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანამდე.
მალხაზ არუდაშვილი წყალმომარაგების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მუნიციპალიტეტის პირველი პირის პოსტის დაკავების შემთხვევაში აღნიშნული პრობლემის მოგვარებით დაიწყებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას. არუდაშვილს ამ პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გეგმაც აქვს:
„სოფლებში, ბევრ ადგილას არის ბუნებრივი წყლის სათავე, სადაც დრენაჟი უნდა დამონტაჟდეს. შედეგად სოფელს მიეწოდება სუფთა წყალი და თანაც 24 საათის განმავლობაში. წინა წლებში ბუნებრივი წყლის სათავესთან დრენაჟი იყო დამონტაჟებული. მაგალითად 1971 წელს მე მომიწია თელავის ჯვარპატიოსანთან დამონტაჟებული დრენაჟის გაწმენდა. მინდა გითხრათ, რომ დღესაც მუშაობს VIII საუკუნეში დამონტაჟებული დრენაჟი.“
არასაპარლამენტო ოპოზიციის გამგებლობის კანდიდატი აქცენტს აკეთებს სოფლებში მატერიალური ბაზის შექმნის აუცილებლობაზე. გამგებლის პოსტის დაკავების შემთხვევაში მალხაზ არუდაშვილი გადამამუშავებელი ქარხნის აშენებასაც გეგმავს.
„მახსოვს, რომ შარშან გლეხებმა დიდი რაოდენობის ატმის მოსავალი მიიღეს. ფაქტობრივად ხალხს დაულპა ატამი, რადგან ვერ შეძლეს პროდუქციის რეალიზაცია. ამავე დროს ასობით ტონა კარალიოკი დალპა და მოსახლეობა იძულებული გახდა, გადაეყარა. ეს მატერიალური ფასეულობაა. კარალიოკის რეალიზაციაც შეიძლებოდა ძალიან გონივრულად. ძალიან მნისვნელოვანია, რომ სამი მეზობელი სოფლისთვის მინიმუმ ერთი საკონსერვო ქარხანა აშენდეს, რათა მოსახლეობისაგან იბარებდეს ხილს.“
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი სოფლის პრობლემების გადაწყვეტაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს. მალხაზ არუდაშვილი სოფლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების წარმომადგენლებს აქტიურ თანამშრომლობას სთავაზობს და განმარტავს, რომ ნებისმიერ ინოვაციურ სამოქალაქო ინიციატივას მიიღებს და მხარსაც დაუჭერს.
„თვეში ერთი დღე მაინც მივალ ერთ სოფელში და შევხვდები მოსახლეობას, მათგან მოვისმენ არსებულ პრობლემებს და ერთად ვიმსჯელებთ გადაწყვეტის გზებზე. აუცილებლად გაიმართება სოფლის დიდი კრება. არა ისე, როგორც სოფლებში ამჟამად ფორმალურად იმართება ხოლმე კრებები და რეალურად სასიკეთო არაფერი კეთდება. ჩვენ სოფლის მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე რამდენიმე პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნებთ და მერიის ბიუჯეტიდანაც დავაფინანსებთ.“
გამგებლობის კანდიდატი კერძო სექტორთან თანამშრომლობის მზადყოფნასაც გამოთქვამს და მათთვის ბიზნესსაქმინობის ხელშეწყობის პირობასაც დებს.
გამგებლობის სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით მალხაზ არუდაშვილი ყველა პრეტენდენტს მიიჩნევს რეალურ კონკურენტად და არჩევნებში დამარცხებასაც არ გამორიცხავს. თვითმმართველობის არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში სოფლის განვითარების საკთარ ინიციატივასაც მიაწვდის გამგებელს და მასთან აქტიური თანამშრომლობისთვისაც მზადაა.
ჩვენი ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატთან შეხვედრა ვერ შევძე¬ლით თავად გიორგი ბოტკოველის მუდმივი მოუცლელობის გამო.