ახალი ამბები

შალვა ფიფია – მთელი რიგი ხილისა და ბოსტნეულისთვის 26 მაისიდან რუსული ბაზარი გაიხსნება

მთელი რიგი ხილისა და ბოსტნეულისთვის 26 მაისიდან რუსული ბაზარი გაიხსნება, – ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“ჩვენ ვმუშაობდით გამუდმებით ამ თემაზე “როსსელხოზნადზორთან” და უკვე ცნობილი გახდა, რომ მთელ რიგ ხილსა და ბოსტნეულზე, ეს შეეხება კურკოვან ხილს, როგორიცაა ატამი, გარგარი, ქლიავი, ასევე მთელ რიგ ბოსტნეულზე, მათ შორის შეფუთულსა და ახალ კარტოფილზე, რუსული ბაზარი გაიხსნება ორშაბათიდან და მათი მწარმოებლები შეძლებენ რუსეთში აღნიშნული პროდუქციის ექსპორტს”, – აღნიშნა ფიფიამ.

რაც შეეხება იმას, გაფართოვდება თუ არა ამ პროდუქციის სია, შალვა ფიფია აცხადებს, რომ ეს ცოცხალი მოლაპარაკებების პროცესია. “შარშან დავიწყეთ მოლაპარაკებები ღვინოსა და მინერალურ წყლებზე. რამდენჯერმე მოხდა გადახედვა. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, რათა ყველა სახის პროდუქციისთვის იყოს ბაზარი გახსნილი”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.