სსიპ დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი და სათემო განვითარების ცენტრი
2013 წლის 9 ივნისს, 12.00 სთ-ზე, ქ. თელავში, მედია-კაფეში
გ ი წ ვ ე ვ თ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის პრეზენტაციაზე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სსიპ „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის“ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ეფექტური და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის შექმნა. რეფორმები ხორციელდება შემდეგი მიმართულებით:
არასრულწლოვანთა დანაშაულის ეფექტური პრევენცია;
საკანონმდებლო ბაზის დახვეწა;
პასუხისმგებლობისა და საპატიმრო სასჯელის ალტერნატივების შემუშავება და დანერგვა;
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია;
არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება და მუდმივი გადამზადება;
კვლევისა და ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერება, სტატისტიკის დახვეწა.
2010 წლიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, პროკურორს მიეცა დისკრეციული უფლებამოსილება, არ განახორციელოს დევნა არასრულწლოვანის მიმართ გარკვეულ შემთხვევებში. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა შემუშავებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი განრიდებისა და მედიაციის პროგრამის სახით.
პროგრამა 2010 წლიდან ამოქმედდა საქართველოს 4 (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი) ქალაქში. 2011 წლის დეკემბრიდან დღემდე პროგრამა ეტაპობრივად ვრცელდება საქართველოს სხვა ქალაქებშიც, ამ დროისთვის ის ამუშავებულია 46 ქალაქში.
კახეთის რეგიონში პროგრამამ ფუნქციონირება დაიწყო 2013 წლის აპრილიდან. 2013 წლის აპრილიდან არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამას დაემატა 25 ახალი ქალაქი: ხაშური, ქარელი, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ფოთი, ხობი, სენაკი, აბაშადამარტვილი. ამჟამად პროგრამა მოქმედებს საქართველოს 40 ქალაქში. 2013 წლის ბოლომდე იგეგმება არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ამოქმედება მთელ ქვეყანაში.
აღნიშნული პროგრამის ეფექტური განხორციელებისათვის და პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვნების პიროვნული განვითარებისათვის, მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ინსტიტუციების თანამშრომლობა.
სწორედ ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი“ და სათემო განვითარების ცენტრი 2013 წლის 9 ივნისს, ქ.თელავში, მედია კაფეში (ერეკლე II, № 4, სამხატვროსკოლა (ჩასასვლელი აივნიდან) გამართავენ საკოორდინაციო შეხვედრას, რომლის მიზანია კახეთის რეგიონში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მიიღონ ინფორმაცია უშუალოდ პროგრამისა და საქართველოს სხვა რეგიონებში დაგროვილი გამოცდილების შესახებ, რათა სამომავლოდ მაქსიმალურად ითანამშრომლონ პროგრამაში ჩართული არასწრულწლოვნების ინტერესების დასაცავად.
შეხვედრის დღის წესრიგი:
12:00 შეხვედრის გახსნა/მისალმება – დავით მაისურაძე, სსიპ დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დირექტორი
12:30 არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა – თამაზ ახობაძე, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერი
13:00 სოციალური მუშაკის როლი განრიდებულ და პრობაციონერ არასრულწოვნებთან მუშაობის პროცესში – ნათია მაჭარაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკი
13:30 ყავის შესვენება
14.00 საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი განრიდების პროგრამაში – ანა სუბელიანი, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კომპონენტის კოორდინატორი; ნინო დემეტრაშვილი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს პროექტების მენეჯერი
14.30 ჯგუფური მუშაობა: თანამშრომლობის ფორმები და პერსპექტივები; ადგილობრივი სერვისების შეფასება; (ფასილიტაცია: ირინა ხანთაძე – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი)
15.00 შეხვედრის დახურვა
შედეგად მომზადდება შემაჯამებელი დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს დამსწრე საზოგადოებრივი ორგანიზაციების სერვისების შესახებ ინფორმაციას და გადაეცემა როგორც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრს“, ასევე, პროგრამაში ჩართულ პროფესიონალებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორია სათემო განვითარების ცენტრი (CDC). სათემო განვითარების ცენტრი ცდილობს ხელი შეუწყოს კახეთის რეგიონში მოქმედ ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებს შორის კოორდინირებულ მუშაობას. შეხვედრით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით: info@satemo.ge