ხელისუფლება თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებულთა შემცირებას გეგმავს
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საჯარო მოხელეები დროებით მოვალეობის შემსრულებლებად აღარ ჩაითვლებიან, თუმცა თვითმმართველობის ორგანოებში მათი რაოდენობა, შესაძლოა, საგრძნობლად შემცირდეს.
„საჯაროს სამსახურის შესახებ“ კანონში უქმდება ის ნორმა, რომლის შესაბამისადაც, თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა და მათ უფლებამოსილება თანამდებობების კონკურსის წესით შევსებამდე უნდა განეხორციელებინათ. კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ატესტაციას დაექვემდებარება – იმ მოხელეთა ჩამონათვალიდან, რომლებიც ატესტაციას არ ექვემდებარებიან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნულ მოხელეებს ამოიღებენ.
ცვლილებები კანონში დეპუტატებმა, გია ჟორჟოლიანმა და ვახტანგ ხმალაძემ მოამზადეს. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
ამასთან, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” ერთ-ერთი სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატებში შტატების ოპტიმიზაციაა. კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციურ ცვლილებებს ითვალისწინებს, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოები სავალდებულო რეორგანიზაციას დაექვემდებარებიან.
როგორც commersant.ge-ს დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განუცხადა, წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ზოგიერთ ორგანოში დასაქმებულთა რაოდენობა ხელოვნურადაა გაზრდილი, როს გამოც ხარჯების 50%, მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების ნაცვლად, სახელფასო ფონდისკენ არის მიმართული.
მისივე თქმით, რეორგანიზაციის პროცესი თვითმმართველ ორგანოებში გარდაუვალია, რადგან ამას თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა მნიშვნელოვანია პროფესიონალების შენარჩუნება და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა.
„საჯაროს სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით მიიღებს.