ბურების მიერ ახალი პროექტების განხორციელება ამ ეტაპზე არ განიხილება
აფრიკელი ბურები საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით კვლავ დაინტერესებულები არიან, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული პროექტები არ განიხილება.
ამის შესახებ commersant.ge–ს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს.
მათი ცნობით, აფრიკელები ფიქრობენ და სწავლობენ, კიდევ რა სფეროებში შეიძლება განახორციელონ ინვესტიციები. ძირითად მიმართულებად კი ისინი საინჟინრო და სამშენებლო პროექტებს, ასევე სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს ირჩევენ.
მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქართველოში სამხრეთ აფრიკიდან შემოსული ინვესტიციები, რომელთა მოზიდვაზე ზრუნვა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ დაიწყო, 948.379 ლარს შეადგენს.
გასულ წელს მინისტრი კოტე სურგულაძე აცხადებდა, რომ ახალი ხელისუფლება წინამორბედის მიერ დაწყებულ ინიციატივაზე უარს არ ამბობს და ბურების პროექტს ძალაში ტოვებს, თუმცა მცდარია აზრი იმის შესახებ, რომ იგეგმება სამხრეთ აფრიკელი ბურების ჩამოსახლება საქართველოში.
„მე პირადად გახლდით ვიზიტით სამხრეთ აფრიკაში და შევხვდი იქაურ ბიზნესმენებს. მათ ნამდვილად აქვთ სურვილი განახორციელონ ინვესტიცია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგში, არამედ სხვა სფეროებშიც, მაგალითად ტურიზმში, ენერგეტიკასა და სპორტში,” – აცხადებდა კოტე სურგულაძე გასული წლის აპრილში. დღეს ბურების სამომავლო გეგმებზე ინფორმაციას მინისტრის აპარატში არ ფლობენ.