ახალი ამბები

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 28 ქვეყნის პირველი პირი ხელმოწერით დაადასტურებს

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 28 ქვეყნის პირველი პირი ხელმოწერით დაადასტურებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება იქნება გარკვეულწილად კომპასი, რომელიც ევროკავშირს დაეხმარება შეაფასოს სტანდარტები, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ ევროპის სახლში საჯარო ლექციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან კავშირები უფრო გაღრმავდება მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოსთვის ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.
“თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა აერჩია დემოკრატიული მიმართულება როგორც გარანტია კეთილდღეობის და ქვეყნის ერთობის. ამ ხელშეკრულების ხელმოწერა არ გულისხმობს მხოლოდ თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გამყარებას. ეს ნიშნავს თქვენს ქვეყანასა და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამყარებას. შესაბამისად, ამ დოკუმენტს ხელი მოეწერება 28 ქვეყნის პრეზიდენტის, ან პრემიერების მიერ”, – განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ამ მიმართულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან საქართველოში ევროპის მიმართულებით კონსენსუსია მიღწეული.
ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, ქვეყანაში წარმატებით ჩატარდა არჩევნები და ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა მოხდა, რაც მნიშვნელოვანია.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულების გარდა ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება.
“თქვენს ქვეყანას ძალიან კარგი წინაისტორია აქვს რეფორმების ჩატარების კურსით. მე დარწმუნებული ვარ, ამ ძალისხმევის დახარჯვა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო. ეს მოუტანს ხელშესახებ სარგებელს ქვეყანას, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ასოცირების ხელშეკრულება გარკვეულწილად იქნება კომპასი, რომელიც დაგვეხმარება შევაფასოთ, რომ იყოს უკეთესი სტანდარტები გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, უსაფრთხოების სფეროში, იყოს ბიზნესის წარმოების უფრო ხელსაყრელი გარემო, სანდო და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები”, – განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.
მისივე თქმით, ერთ ღამეში ქვეყნის ეკონომიკის აყვავება არ შეიძლება, თუმცა თანამშრომლობა ამ მიმართულებით იქნება მიმართული.