სასოფლო მიწის საკუთრების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის შექმნის ვადები უცნობია
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. ამ დროისთვის გაურკვეველია, როდის იქნება მზად მიწის რეგისტრაციისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემა, რომელზეც როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობენ.
როგორც commersant.ge–ს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა განუცხადა, იმისთვის, რომ კადასტრიზაციის საკითხი სამართლებრივად გამართული იყოს, საჭიროა მეტი კონსულტაციები და პოზიციების თანხვედრა, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.
მისივე თქმით, ცალკე მოდელზე მუშაობს აგრარული კომიტეტიც, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, თვალსაჩინო გახდება, ვინ რა მიწას ფლობს და სად, ასევე რა მოჰყავს ამ მიწაზე ან რა შეიძლება მოიყვანოს.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სისტემას ხარვეზი არ ჰქონდეს, თუმცა, ეს იმდენად რთული პროცესია, რომ ზუსტად ვერ გეტყვით, რა დრო დასჭირდება“, – აღნიშნა მან.
როგორც ცნობილია, მიწათმოწყობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო უდგას სათავეში. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ეკონომიკური პოლიტიკისა და აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, ფინანსთა, ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლები და პარლამენტის თავმჯდომარე.
საბჭოს მიზანია შეიმუშაოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და შექმნას მიწის კადასტრისა (რეგისტრაციის) და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემა.
საჯარო რეესტრის სტატისტიკის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების 75–80% დაურეგისტრირებელია.