ახალი ამბები

ზაზა დევიძე – თელავში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აქტივისტები დღეს ქართული ოცნების წევრები არიან

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა დევიძემ პარტია დატოვა და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა და კოალიციის დატოვების რამდენიმე მიზეზიც დაასახელა. 

ზაზა დევიძის განცხადებით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებისათვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა, რის გამოც ის პასუხისმგებლობას თავადაც ინაწილებს. 
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც პარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. დევიძე, ასევე, საუბრობს კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში“ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აქტივისტების პორტირებაზეც:
„დაპირებების შესრულების დიდი იმედი არსებობდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი სხვანაირად განვითარდა. კოალიციამ ყველაზე მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც გულისხმობდა სამართლიანობის აღდგენას, ვერ შეასრულა. კომუნალური გადასახადებიც არ შემცირდა. პარტიაში არსებული მდგომარეობა ჩემთვის მიუღებელია. ის ადამიანები, რომლებიც მეგობრობდნენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და მათი აქტივისტები იყვნენ, დღეს ,,ქართული ოცნები“ს წევრები არიან. ჩემი გადაწყვეტილება კი საბოლოოდ განაპირობა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა პარლამენტარებს მიმართა თხოვნით, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ყველა ამ გარემოებამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ ჩემი ადგილი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ არის“, – განაცხადა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრმა ზაზა დევიძემ. 
2014 წლის 15 ივნისის გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზაზა დევიძე ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ თელავის მერის პოსტის დაკავებისთვის იბრძოლებს.