სტატიები

1. რა პრობლემები უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ არჩევნებამდე – რეკომენდაციები არასამთავრობო სექტორისგან

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას წინასაარჩევნო რეკომენდაციებს აწვდის. მათი თქმით, უნდა შეიცვალოს და დაიხვეწოს საარჩევნო კანონმდებლობა, შედგეს ეფექტური ამომრჩეველთა ერთიანი სია, დადგინდეს ოლქების საზღვრები.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის უპრეცედენტო, რადგანაც ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრებსა და მერებს, გამგებლებს ირჩევენ, ეს კი, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია,”- აცხა¬დებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მათი თქმით, ძირეულად არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა – კვლავ პრობლემურია მრავალმანდატიანი ოლქების არარსებობა და გამგებლებისა და მერების არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვა.
„მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში შეტანილი რიგი ცვლილებები ნამდვილად დადებითად უნდა შეფასდეს, საერთო ჯამში საარჩევნო კანონმდებლობა დღემდე არსებითად არ შეცვლილა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს და რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგადად საზოგადოება ველოდით“,- აცხადებს სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების’’ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად დამუშავდა და გამოქვეყნდა, მითითებულია, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ არჩევნებამდე.
მათივე თქმით, უნდა შეიცვალოს და დაიხვეწოს საარჩევნო კანონმდებლობა, შედგეს ეფექტური ამომრჩეველთა ერთიანი სია, დადგინდეს ოლქების საზღვრები. რადგან ახალი თვითმმართველი თემების შექმნის საკითხი ჯერ არ გარკვეულა, ეს პროცესი საჯარო განხილვებისა და მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. გარდა ამისა, უნდა დაიწყოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების, მათ შორის, ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა და ადგილობრივი თვითმმართველობიდან საჯარო მოხელეები გათავისუფლდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო გარემო.

„ვიმედოვნებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უმოკლეს ვადებში, ხელისუფლება ისევ მიუბრუნდება საარჩევნო კანონმდებლობის განხილვას და ფუნდამენტურ რეფორმას განახორციელებს. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დაიწყოს დროულად, რომ არსებითად ყველა საკითხი განიხილონ, ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროცესში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მაქსიმალური კონსენსუსით და, რაც მთავარია, მოხდეს რეალური ცვლილებების იმპლემენტაცია, შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე, განხილვა უნდა დაიწყოს შემდეგი საკითხებით: საარჩევნო სისტემით, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებით, ამომრჩეველთა სიებით, საარჩევნო დავებით“, – ამბობს ელენე ნიჟარაძე, სამართლიანი არჩევნების იურისტი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სამზადისი უკვე დაიწყეს. მათი თქმით, ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარება რეგიონისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ისინი არჩევნებს აქტიურად დააკვირდებიან და თანაბარუფლებიანი საარჩევნო გარემოს შექმნაზე აქტიურად იმუშავებენ.
ნინო პოპიაშვილი, ,,სამართლიანი არჩევნების’’ თელავის კოორდინატორი:
-,,სამართლიანმა არჩევნებმა სხვა არასამთავრობოებთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით უკვე წარუდგინა შესაბამის სამსახურებს, ახლა კი, ველოდებით რეაგირებას.’’

მარეხ მგალობლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი:
-,,ჩვენ როგორც ყოველთვის, დავაკვირდებით არჩევნებს, კანონი რომ არ დაირღვეს, შევეცდებით, ხელი შევუწყოთ, თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას. ყველამ უნდა ვეცადოთ, შეძლებისდაგვარად იყოს ის საარჩევნო გარემო, რომელიც ყველა ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ გამოხატოს თავისი, როგორც ამომრჩევლის ნება. პოლიტიკური პარტიები კი, იმედია, წინასაარჩევნო კამპანიას ჩაატარებენ კანონის მოთხოვნების დაცვით და იაქტიურებენ, რათა ამომრჩეველმა შეძლოს სწორი არჩევანის მიღება.’’

თელავის მკვიდრის, ფინანსისტ ალექსანდრე თეგერაშვილის, თქმით, მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზა¬ციების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნოდ სამართლიანი არჩევნების ჩატარებებას შეუწყონ ხელი.
-,,არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულები თვითმმართველობის არჩევნების პროცესში. გარდა ამისა, აქტიურობდნენ თვითმმართველობის კოდექსის მომზადებისას. როგორც ვიცით, რეგიონულს საბჭოს, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბაზაზე იყო შექმნილი, დიდი წვლილი მიუძღვის თვითმმართველობის ახალი კოდექსის შემუშავებაში, აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.’’

ქრისტიან დემოკრატების თელავის რაიონული თავმჯდომარე ვანო გალახვარიძის თქმით, მნიშვნელოვანია, მთავრობამ უზრუნველყოს არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება, რომელიც ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
-,,თვითმმართველობის არჩევნები და მისი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. ამას კი, მხოლოდ საუბრით ვერ შევძლებთ.‘’