ენერგეტიკული სასმელების ჭარბი მოხმარებით გასულ წელს 5 ადამიანი გარდაიცვალა
როგორც კვების მრეწველობის სპეციალისტი ალეკო ღუდუშაური აცხადებს, ზოგიერთი სასმელის 8 თხევადი უნცია 350 მგ კოფეინს შეიცავს, მაშინ, როცა 16 უნცია ყავა, საშუალოდ დაახლოებით 170 მგ კოფეინს შეიცავს.
მისივე თქმით, ენერგეტიკული სასმელების მოხმარების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დგას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სასმელების მწარმოებელ კომპანიებს უზარმაზარი ფინანსური მოგება აქვთ, პრობლემის სათანადო დონეზე წამოწევა ვერ ხერხდება.
თუმცა, ქართველი მომხმარებელი ენერგეტიკულ სასმელზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება.
მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ენერგეტიკული სასმელის XL–ის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია ,,კანტის“ განმარტებით, ენერგეტიკული სასმელების რეალიზაცია წლიდან წლამდე იზრდება და გასულ წელს მან 65 %–ით მოიმატა. რეალიზაციის 30%–იან მატებაზე საუბრობენ ,,რედბულის’’ სადისტრიბუციო კომპანიაშიც.
სპეციალისტები კი ჯანმრთელობისთვის ამ სასმელის ნეგატიურ მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას. დიეტოლოგიის კლინიკის დიეტოლოგის ნატალია ჩოჩიშვილის განცხადებით, ენერგეტიკული სასმელების უმრავლესობა ისეთ სტიმულატორებს შეიცავს, როგორიცაა კოფეინი და ჟენშენი, რომლებიც ორგანიზმში ენერგიის გამოყოფას აჩქარებს და ადამიანები მასზე დამოკიდებულები ხდებიან.
ამასთან, ჩოჩიშვილის განცხადებით, ენერგეტიკული სასმელები აძლიერებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, რომელიც დროებითია და საბოლოო ჯამში ადამიანის ორგანიზმში „ენერგეტიკულ გაღარიბებას“ იწვევს.
ადამიანები ენერგეტიკულ სასმელებზე დამოკიდებული ცხოვრების აჩქარებული რიტმის გამო გახდნენ, ვინაიდან მთელი დღის განმავლობაში ხშირად საკვებს ვერ იღებენ და დღის ენერგიას სწორედ ენერგეტიკული სასმელებით ივსებენ.