თელაველი ახალგაზრდები არჩევნების წინ (VIDEO)
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. თელაველი ახალგაზრდების ნაწილი კი არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. გარდა იმისა, რომ მოახლოებული არჩევნების შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობენ, პოლიტიკოსებისა და პარტიების უინტერესო და გაუგებარ პროგრამებზე მიუთითებენ. Aახალგაზრდების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია.
24 წლის ილია საყვარლიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპტიმისტურად უყურებს. საყვარლიშვილი თითოეული ახალგაზრდის აქტიურობასა და საარჩევნო პროცესებში ჩართვას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობად მიიჩნევს. ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩართვაში ილია საყვარლიშვილი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მათს ინფორმირებას.
`არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მიმაჩნია, ყველამ უნდა მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი, საზოგადოებრივი და კონსტიტუციური ვალი. ვფიქრობ, რომ ჩემი ხმა იქნება გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მიმაჩნია, რომ ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, რათა არ მოხდეს ხმის გაყალბება, რადგან პასიურობით ხმების გაყალბების დიდი ალბათობა არსებობს.
რაც შეეხება ახალგაზრდების აქტიურობას. ჩემი ინფორმაცით, არც თუ ისე აქტიურობენ და არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავენ. ბევრმა არც ხმის მიცემის პროცედურა იცის, ზოგიც პროტესტის გამო არ მიდის. დღეისთვის ყველაზე სერიოზული პრობლემა არის ინფორმაციის ნაკლებობა, არასამთავრობო სექტორი კი მუშაობს ამ კუთხით. ცესკო კი უშვებს საინფორმაციო რგოლებს ტელევიზიებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან იმდენად მწირია ინფორმაციის მიწოდება, რომ ის ვერ იძლევა რჩევნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. კარგი იქნება, თუ ცესკო, მედია და არასამთარობოები არჩევნების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას უფრო აქტიურად მიაწვდიან. ვფიქრობ, ეს უფრო დააინტერესებს საზოგადოებას.’’
ილია საყვარლიშვილის მსგავსად, სხვა ახალგაზრდებიც საარჩევნო პროცესების შესახებ ხშირი საინფორმაციო კამპანიების ჩატარების აუცილებლობაზე ამახვილბენ ყურადღებას. ისინი მიიჩნევენ, რომ ინფორმირება ახალგაზრდებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართვის სტიმულს მისცემს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მანანა მამაგულაშვილის საქართველოში გამართულ არჩევნების დროს ახალგაზრდების მუდმივ პასიურობაზე საუბრობს და ამის მიზეზად ახალგაზრდა თაობის არასაკმარის ინფორმირებას ასახელებს.
,,ჩემი აზრით, პასიურობა იმის ბრალია, რომ არ არის გაცნობიერებული არჩევნების მნიშვნელობა. თითოეულმა ადამიანმა, რომელსაც სურს თავისი პატარა წვლილი შეიტანოის ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში, აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. მეც ვაპირებ რომ მივიდე არჩევნებზე, რა თქმა უნდა თუ საშუალება მექნება, რადგან წინა არჩევნებზე სამსახურებრივი მოვალეობის გამო ვერ მივიღე მონაწილეობა. დიდი სურვილი მაქვს ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში’’.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო მოსიაშვილი კი ახალგაზრდების ინფორმირებაში მნიშვნელოვან როლს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთავრობას ანიჭებს.
,,ძალიან ცუდია, რომ ხშირად არ ტარდება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, არჩევენბი კარს არის მომდგარი, მაგრამ არ მსმენია არც ერთი შეხვედრის შესახებ. ეს კი ძალიან ცუდია, რადგან ჩემი ინფორმაციის დეფიციტიც ძალიან მაწუხებს და ბევრი საინტერესო კითხვაც მაქვს პასუხგაუცემელი.
ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი აქტიურობით შესაძლოა ქალაქში რაიონში თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით სასიკეთო ცვლილებები განხორციელდეს სწორედ ამიტომ ახალგაზრდების ინფორმირება საარცევნო საკითხებთან დაკავშირებით უნდა განახორციელონ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე მთავრობამ’’, – ამბობს თესაუს სტუდენტი ნინო მოსიაშვილი.
თელაველი ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. მათ არც სასურველი კანდიდატსა და პარტიაზე შეუჩერებიათ საკუთარი არჩევანი. ისინი გადაწყვეტილებას მხოლოდ პარტიების საარჩევნო პროგრამების გამოქვეყნების შემდეგ მიიღებენ.
19 წლის გიორგი ჩეკურიშვილი საარჩევნო პროცესების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას ვერ ხედავს. ჩეკურიშვილი ამ ფაქტორს წინასაარჩევნო პროცესის სერიოზულ ხარვეზად მიიჩნევს.
,,დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია არჩევნებზე. ჩემი აზრით საარჩევნო პროცესებში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მონაწილეობა, რადგან მათ გააჩნიათ ქვეყნის განვითარების ახლებური ხედვა. ჩემი აზრით თუნდაც ერთი ხმა გადამწყვეტია, რადგანაც, ყველა ადამიანის აზრის დაფიქსირებით ხდება შემდგომში დემოკრატიული არჩევანის ჩატარება. Mაგრამ ეს რომ მოხდეს, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ვის, ან რას აძლევენ ხმას. ჩვენ არც ის ვიცით, რა უნდათ პოლიტიკოსებს, რის გაკეთებას აპირებენ. Aარც საარჩევნო პროგრამებით იწუხებენ თავს’’.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მურად ფანცქალაშვილი ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში ჩართვას სხვაგვარად უყურებს. ფანცქალაშვილი ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტების პროგრამების გაცნობისა და კანდიდატებთან ხშირი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს. თესაუს სტუდენტი აქვე აღნიშნავს, რომ სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით, იგი ყურადღებით ადევნებს თვალს წინასაარჩევნო პროცესებს.
,,ზოგიერთმა ახალგაზრდამ ელემენტარული საარჩევნო წესებიც არ იცის, მაგრამ მე ახალგაზრდის როლი სხვა კუთხით წარმომიდგენია. მაგალითად: მე უკვე ვიცნობ კანდიდატებს, ვესაუბრები, ვუსმენ მათს პროგრამებს, სოციალური ქსელის მეშვეობით მაქვს ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, რომ კადიდატებსაც ჰქონდეთ კომუნიკაცია ახალაგაზრდულ სექტორთან. ახალგაზრდები განაპირობებენ პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში. მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ, არანაირად არ ვარ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მე უბრალო მოქალაქის პოზიციიდან ვაკვირდები საარჩევნო პროცესებს და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს ქალაქს კარგი მერი ჰყავდეს. ვაპირებ არჩევნებზე მისვლას, მაგრამ მანმადე ბევრს ვიფიქრებ რა არჩევანი გავაკეთო ქვეყნის სასიკეთოდ.’’
თელაველი სტუდენტების თქმით, ისინი არჩევნების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ინტერნეტისა და ცენტრალური ტელევიზიის საშუალებით იგებენ. მათი თქმით, ახალგაზრდების ინფორმირების კუთხით თელავში შეხვედრები არცთუ ისე ხშირად იმართება, რომელზეც ყველა სტუდენტს შეეძლება დასწრება.
,,ახალგაზრდების დიდი ნაწილი ფეისბუქით და ვებ გვერდებით იგებს სიახლეებს. მე პირადად ძირითადად ტელევიზიიდან ვიღებ ინფორმაციას. ახალ ამბებს ვუსმენ ხოლმე ხშირად, ასევე ინტერნეტის საშუალებით ვიგებ სიახლეებს. ჩემი აზრით, ახალგაზრდები არჩევნების შესახებ ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რადგან მათი არასწორი ინფორმირებულობა გამოიწვევს ცუდ შედეგებს საქართველოსთვისაც და ზოგადად ხალხისთვისაც’’, – აღნიშნავს თესაუს სტუდენტი მიხეილ ხალხელაური.
სხვა ახალგაზრდებისაგან განსხვავებით თელავის სახლემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიკა ყარაულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ყარაულაშვილი სასიკეთო ცვლილებებს არ ელოდება და არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.
,,მე ალბათ არჩევნებზე არ წავალ, რადგან არჩევნებში მონაწილე არც ერთი პარტიისა თუ კანდიდატის დაპირების არ მჯერა. ჩვენ გვაქვს წინა არჩევნების ძალიან სამწუხარო გამოცდილება. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები მხოლოდ სიტყვიერი დაპირებით შემოიფარგლებოდნენ და შემდეგ საქმეს ნაკლებად აკეთებდნენ. ყველას ერთი მიზანი აქვს: დაიკავოს სასურველი თანამდებობა და შემდეგ უკვე ივიწყებს იმას, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე”