გუბერნიის კუთვნილი ავტომობილით ქართული ოცნება სარგებლობს (EXCLUSIVE)
,,kakhetinews.ge – ს ინფორმაციით, გუშინ, 19:00 საათზე, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, კახეთის გუბერნატორი საკუთარ კაბინეტში ,,ქართული ოცნების“ კახეთის მუნიციპალიტეტების პარტიულ თავმჯდომარეებსა და ,,ქართული ოცნების” კახეთის რეგიონის კოორდინატორს ირაკლი გრძელივანიშვილს შეხვდა.
ჩვენი ინფორმაციით, დახურულ შეხვედრაზე განიხილებოდა ,,ქართული ოცნების” მუნიციპალიტეტების გამგებლების კანდიდატურები. განხილვა, ამ ეტაპზე, დასრულებულია და ,,ქართული ოცნების“ გუნდში კანდიდატურებიც უკვე ცნობილია.
რაც შეეხება გუბერნატორს, მისი განცხადებით, იგი მუშაობს და არანაირი შეხვედრები არ ყოფილა: ,,არ მინახავს მე ეგ ხალხი, ვმუშაობ“.
თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გუბერნიის კუთვნილი ,,ფოლკსვაგენ პასატის“ (UFU133) მარკის ავტომობილით, დღეს, დილიდან ,,ქართული ოცნების“ რეგიონის ხელმძღვანელი ირაკლი გრძელივანიშვილი გადაადგილდება.
გუბერნიის პრესსამსხურის განცხადებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია: ,,ეს არის დეზინფორმაცია და მეტი არაფერი, მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია”, – აცხადება მადონა ბატიაშვილი.
აღნიშნულ ფაქტს უარყოფს ირაკლი გრძელივანიშვილიც: ,,მე გადავაადგილდები მერსედესის მარკის ავტომობილით, რომელიც არის ჩემს მფლობელობაში”.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ავტომობილით, 2013 წლის ნოემბრამდე კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სარგებლობდა.