კახეთის გუბერნატორი დამოუკიდებელი გამოცემისა და ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი kakhetinews.ge -სგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს და დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციას გუბერნიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ გუბერნატორმა განცხადება ხელისუფლების მიერ სპეციალურად წინა საარჩევნოდ შექმნილ არაოფიციალურ ბლოგზე „ლოკალინფოზე“ გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „კახეთის ხმამ“ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა და ამტიკცებს, რომ ეს ყველაფერი საარჩევნოდ გამიზნულად ხორციელდება.
საქმე ეხება „კახეთის ხმის“ ონლაინ მედია პროდუქტზე „kakhetinews.ge გამოქვეყნებულ ჟურნალისტ მაკა მოსიაშვილის სტატიას, სადაც საუბარი იყო წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო გამოყენებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ გუბერნიის კუთვნილი სახელმწიფო ავტომანქანით „,ფოლკსვაგენ პასატით“ (ნომერი UFU 133) პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონის ხელმძღვანელი ირაკლი გრძელივანიშვილი გადაადგილდებოდა.
ჟურნალისტი ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილს და მის პრეს სამსახურს, მადონა ბატიაშვილს დაუკავშირდა და მათთან ინფორმაციის დაზუსტება სცადა, რაც სტატიას დაურთო კიდეც.
რაც შეეხება, ინფორმაციის წყაროს, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა ინფორმაცია, ჟურნალისტმა წყაროს თხოვნით, არ მიუთითა მისი ვინაობა, რისი უფლებაც მას საქართველოს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული.
იმის ნაცვლად, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციას მოეთხოვა საპასუხო კომენტარის გაკეთება და რედაქციისათვის მიემართა, ანდა, ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე გაეკეთებინა განმარტება, მან გამიზნულად გამოიყენა ხელისუფლების მიერ სპეციალურად წინასაარჩევნოდ შექმნილი ბლოგი „ლოკალინფო“ და „კახეთის ხმას“ ბრალდებები წარუდგინა.
ირაკლი შიოლაშვილი აღნიშნავს, რომ თითქოს „კახეთის ხმამ“ შეგნებულად მოახდინა გუბერნიის დისკრედიტაცია, რაზეც გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენი მედია ორგანიზაცია ჩართულია ქართული მედიის მონიტორინგის პროგრამაში და არის თუ არა „კახეთის ხმა“ რომელიმე ჯგუფის მიმართ მიკერძოვებული მედია ორგანიზაცია, ამ საკითხს კომპეტენტური მედია ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები უკეთ გაუწევენ მონიტორინგს, ვიდრე საჯარო მოხელეები, რომლებიც წესით საზოგადოების პრობლმების გადაჭრით უნდა იყვნენ დაკავებული და არა სატელიტი მედია წარმონაქმნების დაფინანსებით და მხარდაჭერით.
აქვე განვმარტავთ:
რა არის სიმართლე:
ავტომანქანა ფორცვაგენ პასატი UFU 133 8 აპრილს, დილის თერთმეტი საათიდან ახმეტაში გადაადგილდებოდა. კერძოდ, ახმეტის პირველი საჯარო სკოლის ტერიტორიასთან. თვითმხილველთა მტკიცებით, ამ ავტომობილს მართავდა ქართული ოცნების რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი გრძელივანიშვილი.
ვის ეკუთვნის ავტომობილი?
ავტომობილი ფორცვაგენ პასატი UFU 133 გუბერნიის ბალანსზეა.
7 აპრილს, საღამოს შვიდი საათისათვის გუბერნატორმა საკუთარ კაბნეტში მიიღო კახეთის ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და მათ შორის, პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი ირაკლი გრძელივანიშვილი. ჩვენი წყაროს ცნობით, განხილვის თემა იყო რაიონის გამგებლების კანდიდატთა საბოლოო განხილვა-შეთანხმება.
ამავე დღეს ირაკლი გრძელივანიშვილს გაუფუჭდა ავტომობილი. დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაჯდა საჭესთან და ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო ავტომანქანით დატოვა გრძელივანიშვილმა გუბერნიის შენობა.
რა არის დეზინფორმაცია:
დეზინფორმაციაა, როცა გუბერნატორი აცხადებს, რომ მისი ავტომობილი არსად არ გადაადგილებულა და, რომ იგი სამსახურში დილით იმ მანქანით მივიდა, რომელზეც სტატიაშია საუბარი. ეს მაშინ, როცა გუბერნატორი ამბობს, რომ სამსახურთან ახლოს ცხოვრობს და ფეხით დადის.
უცოდინრობაა, როდესაც გუბერნატორი აცხადებს, რომ თითქოსდა მედია ორგანიზაცია წინა საარჩევნო პროცესის გამო გუბერნიის ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ცდილობს, რადგან მინიმუმ უნდა იცოდეს, რომ სამხარეო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე სუბიექტი არ არის და წინასაარჩევნო კამპანიაში გუბერნიის ჩართულობა კანონდარღვევაა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის.“ შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დამრღვევ პირზე უნდა გატარდეს ამავე კანონის 79–ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
ბრალდება :
მედია ორგანიზაციის მიმართ ბრალდება, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანეთ, უადგილო და უსუსურია, რადგან ახმეტის მოსახლეობის ნაწილმა საკუთარი თვალით იხილა როგორ ესალმებოდა გუბერნიის ფორცვაგენიდან ხალხს გრძელივანიშვილი და, შესაბამისად, გუბერნატორის მხრიდან ამის უარყოფა საზოგადოებისათვის უბრალოდ, შეურახცმხყოფელია. მედიის მიმართ უსაფუძვლო ბრალდება კი, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკოსისთვის დიდი შეცდომაა და მეტი არაფერი.