განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თესაუს კანცლერის არჩევნების ბათილად ცნობას სთხოვს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა 4 მარტიდან 7 მარტის ჩათვლით თესაუში განახორციელა ინსპექტირება. უნივერსიტეტში შიდა აუდიტის დეპარტამენტის შესვლა და ჩატარება მოითხოვეს თესაუს რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ყვირალაშვილმა, რექტორის მრჩეველმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა, ასისტენტ-პროფესორმა თამარ ბაჩიაშვილმა და ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის სპეციალისტმა მარინა სულხანიშვილმა. უმაღლეს სასწავლებელში ინსპექტირების შედეგებზე შედგენილი დასკვნის მიხედვით შიდა აუდიტის დეპარტამენტი ითხოვს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნების ბათილად ცნობას.
არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზად სახელდება ასოცირებული პროფესორების გიორგი სიბაშვილისა და თამარ ნადირაძისა და ასისტენტ-პროფესორის ჯუმბერ მაილაშვილის მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების კანონდარღვევით ფლობა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ თამარ ნადირაძე და გიორგი სიბაშვილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცებისას, კენჭისყრის დროს, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობასთან ერთად იკავებდნენ დამხმარე პერსონალის თანამდებობას.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის მიხედვით კი წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში დაუშვებელია ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისა და აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრების არჩევა. შიდა აუდიტის მიერ დადებულ დასკვნაში, ასევე, განმარტებულია, რომ თესაუს ასისტენტ-პროფესორმა ჯუმბერ მაილაშვილმა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობისათვის დაკავებულ არჩევნებში კანონდარღვევით მიიღო მონაწილეობა. დასკვნაში ნათქვამია, რომ მაილაშვილი არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც აკადემიური პერსონალი, თუმცა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით კი დოქტორანტი წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი.
პაატა გოცირიძე თესაუს ადმინისტრაციის უმაღლეს მმართველის თანამებობაზე წარმომადგენლობითმა საბჭომ 7 თებერვალს დაამტკიცა. ადმინისტარციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა კი 4 წელია.