ახალი ამბები

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო

                                                        

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება . სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათს და პარასკევს ტაძრებში სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს კი ლოცვაზე იკურთხება წანდილი.

დიდი მარხვა აღდგომამდე შვიდი კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა.

მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. გარდა ამისა, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები მხოლოდ უზეთო საკვებს მიიღებენ.

ეს არის დღეები, რომელიც ამზადებს ქრისტიანებს ბრწყინვალე აღდგომისთვის. მარხვაში ადამიანს ევალება, გააძლიეროს ლოცვა – ილოცოს თავისი მოყვასისა და სამშობლოსათვის.
დიდი მარხვა 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.