ქართული ღვინის ნაწილი გაძვირდა
,,კომერსანტის’’ ინფორმაციით, ღვინის ქართული კომპანიების ნაწილმა საექსპორტო ბაზრებზე ფასი გაზარდა. „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი ღვინის გაძვირებას გვიდასტურებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, „თბილღვინოს“ პროდუქცია გასული წლის ბოლოს გაძვირდა და ეს ცვლილება ძირითადად საექსპორტო ბაზრებს შეეხო. მისივე თქმით, ფასი მხოლოდ წითელ ღვინოებზე გაიზარდა, რაც წელს რთველის დროს საფერავზე გაზრდილმა ფასმა განაპირობა. მარგველაშვილის თქმით, საექსპორტო ბაზრებზე ,,თბილღვინოს’’ პროდუქცია 10-15-20%-ით გაძვირდა, ხოლო ადგილობრიოვ ბაზარზე ღვინოზე ფასის უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება.
საექსპორტო ბაზრებზე ფასები გაზარდა ,,შუხმან ვაინმაც’’. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, ფასი 10-15 %-ით გაზარდეს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ,,შუხმან ვაინი’’ უცვლელ საფასო პოლიტიკას ინარჩუნებს. ნუცა აბრამიშვილის თქმით, საექსპორტო პროდუქციაზე ფასის ზრდა, ბაზარზე ქართულ ღვინოზე მაღალმა მოთხოვნამ და ნედლეულის შესყიდვის ხარჯების ზრდამ გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, 2013 წლიდან მოყოლებული ღვინის საქართველოს სექტორი აღმავლობას განიცდის და საექსპორტო ბაზრებზე ქართულმა ღვინომ პოზიციები გაიმყარა.