ცვლილება მეწარმეებისთვის – რა ელით კომპანიებს, რომლებიც აპრილამდე კანონის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ
მეწარმეებისთვის მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა რამდენიმე დღეში იწურება.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის აპრილამდე საწარმოებმა სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა უზრუნველყონ.
გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესსუბიექტებისთვის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე 4 დღე დარჩა, აქედან ორი არასამუშაო დღეებია (შაბათი და კვირა), სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმისათვის რომ ბიზნესსუბიექტებმა მაქსიმალურად შეძლონ დარჩენილი დღეების გამოყენება, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს {შაბათს და კვირას} სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს.
ახალი რეგულაციები ბიზნესისთვის: რა მოხდება თუ მოთხოვნებს აპრილამდე ვერ დააკმაყოფილებთ
„15 ფილიალი, 10:00 – 17:00 საათამდე მომხმარებელს სპეციალურ რეჟიმში მოემსახურება. სერვისი შაბათს და კვირას ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით ყველა მსხვილ ქალაქში: თბილისში მდებარე სამივე ფილიალში, ბათუმში მდებარე ორივე ფილიალში, ასევე რუსთავის, გორის, ბორჯომის,მარნეულის, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, ხაშურის, ზუგდიდის და თელავის იუსტიციის სახლის ფილიალებში,“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
კანონის თანახმად, რეგისტრაციის განახლების ვალდებულება ვრცელდება 2022 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებულ შემდეგი ტიპის საწარმოებზე:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება,
სააქციო საზოგადოება,
კომანდიტურ საზოგადოება,
კოოპერატივი,
უცხოური საწარმოს ფილიალი.
ამასთან, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ვალდებულება არ გააჩნიათ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს.
რაც შეეხება სანქციებს, იმ შემთხვევაში, თუ 2026 წლის 1-ელ აპრილამდე საწარმოს/ფილიალს კანონთან შესაბამისობაში არ ექნება მონაცემები მოყვანილი, მაშინ შეუჩერდებათ რეგისტრაცია, რაც ნიშნავს, რომ არ გაიცემა ამონაწერი განახლებული სახით, არ ექნებათ წვდომა ფინანსურ რესურსებზე, საბანკო პროდუქტებზე.

